ტყიბულზე და ტყიბულელებზე საოცრად შეყვარებული…

იმის მიუხედავად, რომ ის ჩვენი ქალაქის მკვიდრი არ გახლდათ, თავისი შეგნებული ცხოვრება აქ გაატარა და ტყიბულის თეატრს დაუკავშირა.

ბატონი რეზო ჟორჟოლიანი ცხოვრების ბოლომდე ჩვენი ქალაქის კულტურის ცენტრის სცენაზე მოღვაწეობდა. მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი, ორჯერ საკავშირო და ხუთჯერ რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი, რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი, შრომის ვეტერანი, პრეზიდენტის მიერ ღირსების მედლითა და ამავდროულად ორდენით დაჯილდოებული _ ეს იმ რეგალიების უმეტესი ნაწილია, რომელიც რეზო ჟორჟოლიანმა ტყიბულში ცხოვრებისა და მოღვაწეობის მანძილზე მიიღო.

veragoba da sikvaruli

ბატონ რეზოს არ დაუმთავრებია თეატრალური ინსტიტუტი, მაგრამ პროფესიონალ მსახიობად და რეჟისორად ითვლებოდა. შესრულებული აქვს ასამდე როლი და უამრავი სპექტაკლი დაუდგამს ტყიბულის სახალხო თეატრის სცენაზე, რისთვისაც დამსახურებული აღიარება მოიპოვა. თუმცა ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბატონმა რეზომ რვა კლასის დამთავრების შემდეგ, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ლევან მილორავას მიერ დადგმულ სპექტაკლში “იავნანამ რა ჰქმნა” მონაწილეობა მიიღო.

მას ყოფილი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი დოდო ანთაძე ესწრებოდა და რამდენიმე დღეში ბატონი რეზო ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში მიიწვიეს. მის პირველ სერიოზულ ნაბიჯად სცენაზე 1944 წელი ითვლება, როდესაც მან პირველი როლი გედევანიშვილის პიესაში “სინათლე” მეფისწული ავთანდილი ითამაშა. ამის შემდეგ იგი ზუგდიდის სახელმწიფო თეატრში მიიწვიეს, სადაც “ხევისბერ გოჩაში” მათიას როლი ითამაშა. მალე ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და მან მოღვაწეობა დედაქალაქში თოჯინების თეატრში გააგრძელა მსახიობად.

ბატონი რეზო 1927 წელს ქუთაისში მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამა ბანკის მმართველი იყო და ამიტომ სურდა, რომ შვილი დიპლომატი გამხდარიყო. ბატონი რეზო გაგზავნეს კიდეც სკოლის დასრულების შემდეგ ლენინგრადში სასწავლებლად, თუმცა მსახიობობაზე მეოცნებე და ხელოვნებით შეყვარებული ყმაწვილი ორ წელიწადში უკან ჩამოვიდა და 1946 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სტუდიაში გააგრძელა სწავლა. პარალელურად თბილისის 35-ე საშუალო სკოლაშიც სწავლობდა.

“მამა საკმაოდ ურჩი შვილი ყოფილა და ამიტომ მის გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა ოჯახმა ვეღარ გაუწია. იმ პერიოდში მას ამ სტუდიაში ისეთი დიდი ადამიანების გვერდით მოუწია მოღვაწეობა, როგორებიც იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, უშანგი ჩხეიძე, გოგი გელოვანი, გიორგი შავგულიძე და სხვები” _ იხსენებს ბატონი რეზოს ქალიშვილი მარიკა ჟორჟოლიანი.

სტუდიის დამთავრების შემდეგ რეზო ჟორჟოლიანმა სამი სეზონი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრში იმუშავა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი რეზო ხელოვნების გარდა, სპორტითაც იყო დაკავებული. სწორედ მის საფეხბურთო წარსულს და კარიერას უკავშირდება ტყიბულში მოხვედრა. ფეხბურთელი რევაზ ჟორჟოლიანი კარგად ახსოვს ძველ თაობას. იგი მეკარე გახლდათ ტყიბულის “მეშახტეში” და მეტსახელად “შმაგას” ეძახდნენ.

 

qalishviltan ertad

1951 წელს ბატონი რეზო როგორც სპორტსმენი მეგობარს ჩამოჰყვა ტყიბულში და აქაურობა იმდენად შეუყვარდა, რომ თავისი სურვილით დარჩა.

“საოცრად უყვარდა ტყიბული… იმის მიუხედავად, რომ ბევრი შეთავაზება ჰქონდა აქ ცხოვრების პერიოდში, მან ეს ქალაქი არ დატოვა”, _ თქვა ქალბატონმა მარიკამ.

ამავე წელსვე სპორტთან ერთად ბატონმა რეზომ პარალელურად მუშაობა დაიწყო ტყიბულის სარაიონო კულტურის სახლში სამხატვრო ხელმძღვანელად, სადაც დადგა სამი პიესა: აკაკი წერეთლის “პატარა კახი”, ლევან მილორავას “კერპჯიუტა” და კ. ბუაჩიძის “მკაცრი ქალიშვილები”. შემდეგ კი პარტიის რაიონული კომიტეტის რეკომენდაციით გადაყვანილი იქნა მუშათა ცენტრალური კლუბის რეჟისორად.

1959 წელს მისი რეჟისორობით ნოე ქათამაძესთან ერთად დაიდგა მიტროფანოვის პიესა “დიახ, ფესტივალზე”, სპექტაკლი თბილისში წაიღეს დათვალიერებაზე და სახალხო თეატრის წოდებაც მიიღეს, რომელიც ჟიურის თავმჯდომარემ სახალხო არტისტმა აკაკი ხორავამ მიულოცათ. სახალხო თეატრის წოდებით ტყიბულის თეატრმა პირველი პრემიერა 1961 წელს წარადგინა, რომელსაც რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გრიგოლ ლაღიძე ესწრებოდა.

სეზონი თაქთაქიშვილის პიესით “ჭკვიანი ცოლი” გაიხსნა, სადაც ბატონი რეზო ტელმაკის როლს ასრულებდა. ამავე წლიდან რეზო ჟორჟოლიანი ტყიბულის კულტურის სასახლის ბავშვთა სექტორის გამგედ მუშაობდა. შემდგომ წლებში ის იყო ასევე ამავე სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და დირექტორის მოადგილე. ბოლოს კი ის ტყიბულის სახალხო თეატრის რეჟისორი გახლდათ. ბატონი რეზო სიცოცხლის ბოლომდე ჩვენს თეატრს ემსახურებოდა:

“გარდაცვალებამდე მამა ლოგინად მხოლოდ ორი კვირა ჩაწვა. მხოლოდ ის დღეები არ უვლია თეატრში. მისთვის ის ადგილი ყველაზე საყვარელი იყო და მის სამფლობელოდ მიაჩნდა”, _ თვალცრემლიანმა აღნიშნა ბატონი რეზოს ქალიშვილმა.

რეზო ჟორჯოლიანის სახელს უკავშირდება ტყიბულში თოჯინების თეატრის დაარსებაც. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ეს თეატრი მის მიერ 1954 წელს დაფუძვნდა. ტყიბულის თოჯინების თეატრმა თავისი არსებობის მანძილზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბატონი რეზო 1964 წელს დროებით თბილისშიც მუშაობდა ქართული თოჯინების სახელმწიფო თეატრში, ამასთან ერთად ის კინოსტუდიასთანაც თანამშრომლობდა. მას ეპიზოდური როლი აქვს ნათამაშები გიორგი შენგელაიას ფილმში “მაციხვიტია”.

მეორედ ბატონი რეზო ტყიბულში კარლო ლომაძის თხოვნით ჩამოვიდა და მას შემდეგ აქედან აღარ წასულა. მისი რეჟისორობით დაიდგა სპექტაკლები: ჩხაიძის “მკვლელობა სადგურზე”, შემდეგ მოსაშვილის “სადგურის უფროსი”, ზღაპარი “დალი”. ყველამ მიიღო რესპუბლიკის ფესტივალის ლაურეატობა. ხოლო ჩხაიძის პიესამ “როცა ქალაქს სძინავს”, მიიღო საკავშირო ფესტივალის ლაურეატობა და ოქროს მედალი. მის მიერაა დადგმული: მარიკა ბარათაშვილის “ფრთხილად, სასიკვდილოა!”, “სიდედრი და სიყვარული”, “მზე ნეკერჩხლის ტყეში”.

რეზო ჟორჟოლიანმა საკუთარი ცხოვრება ოჯახითაც ტყიბულს დაუკავშირა. მან მეუღლედ სწორედ ტყიბულელი გოგონა, იმ პერიოდის ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი ვენერა ჯიქია შეარჩია. მისი გულის მოსაგებად ბატონ რეზოს საკმაოდ დიდი დრო დასჭირვებია:

“ერთმანეთი ტყიბულში გაიცვნეს. გადმოცემით დედა ძაილიან ლამაზი ქალი ყოფილა, მედეა ჯაფარიძესაც კი ამსგავსებდნენ თურმე. ამ სილამაზემ მამაც მოხიბლა ალბათ და 1953 წელს დაქორწინდნენ. მე კი საკმაოდ გვიან გავჩნდი, 1968 წელს.

 

medea

ძალიან მოკრძალებული ურთიერთობა მქონდა მასთან. იმის მიუხედავად რომ სიგიჟემდე მიყვარდა მამა, ჩვენს შორის ყოველთვის იყო დისტანცია. მამა საკმაოდ თბილი იყო, მაგრამ ამავდროულად მკაცრიც. მის მიმართ კრძალვა მქონდა. ერთ უმნიშვნელო დეტალს გეტყვით: მას ძალიან არ უყვარდა, როცა ვინმე მზესუმზირას მიირთმევდა. ამიტომ მისი ხათრით, რიდით და პატივისცემით ყოველთვის ვერიდებოდი მზესუმზირის ჭამას.

მესაიდუმლე უფრო დედა იყო ჩემთვის, ამასთანავე “მოციქული” ჩემსა და მამას შორის. მამას დამსახურება გახლდათ ის, რომ მე პროფესიით ინჟინერი ვარ და არა მსახიობი. დიდი დავა გვქონდა ოჯახში, როდესაც მე თეატრალურში ჩაბარების სურვილი გამოვთქვი. მამამ ამის უფლება არ მომცა და კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა.
მამას ეს სიმკაცრე მისი ავადმყოფობისას სრულიად გაქარწყლდა. ავად რომ იყო, მე ვუვლიდი, რადგან დედაც ამ პერიოდში სუსტად იყო.

ბოლო დღეებში თითქმის პარალიზებულმა მამამ ძლივს მიმახვედრა, რომ ჩემს ხელს ეძებდა. როცა ხელი მივეცი, პირთან მიიტანა, მეამბორა და მას შემდეგ ის ოთხი დღე სრულიად უგოგნოდ იყო”, _ იხსენებს მარიკა ჟორჟოლიანი.

ბატონ რეზოს ერთადერთ ქალიშვილს ორი ვაჟი ჰყავს _ გიორგი და დავით აბულაძეები:

 

marjanishvilis teatri tkibulshi

“არაჩვეულებრივი ბაბუა იყო. რამდენადაც მკაცრი იყო ჩემს მიმართ, შვილიშვილებთან ეს ყველაფერი გაქრა. ვერ ჩერდებოდა ჩემი შვილების გარეშე, ყოველ საღამოს რეკავდა და მათ მიყვანას მთხოვდა. ყველაფერი მათთვის უნდოდა, “ბაბუას ჭინკებს” ეძახდა. ზოგჯერ ეგოისტური მომენტიც მქონია… მიფიქრია, რახან ჩემი შვილები ბიჭები იყვნენ, მამამ მათთან საერთო ენაც ალბათ ამიტომ ჰპოვათქო…” _ გვითხრა ბატონი რეზოს ქალიშვილმა.

ბატონი რეზო 2004 წლის 1 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მეუღლეს სამსახურში აღარ უვლია და ლოგინს მიეჯაჭვა, წელიწადსა და სამ თვეში კი ისიც გარდაიცვალა. ქალბატონმა მარიკამ დედის გარდაცვალების შემდეგ მშობლების პირადი ფოტოების ალბომში ლექსი იპოვა, რომლის არსებობის შესახებაც მაშინ შეიტყო. ვენერა ჯიქიას ის ბატონი რეზოს გარდაცვალებით გამოწვეულმა ტკივილმა დააწერინა და საგულდაგულოდ ინახავდა:

“ო, როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი,
მაინც ხმაურობდი შენ.
ო, როგორ მტანჯავდი და მიყვიროდი
მაინც მიყვარდი მე.
ფრინავდი, როგორც შევარდნი,
ბრწყინვალე მეკარე იყავი შენ.
თეატრი იყო შენი სიცოცხლე,
როლები გიყვარდა შენ.
ეს წლები ისე მალე გავიდა
ვიცხოვრეთ ორმოცდათორმეტი წელი.
სიცოცხლეს მაინც დასასრული აქვს,
ასე აგვიხსნეს ჩვენ.
ორიათას ოთხი წელია
და აღარა ხარ შენ.
პეწიანო და პატიოსანო,
გული მატკინე მე.
ტყიბულის მიწამ ჩაგიხუტა
და ნანა გიმღერა შენ.
ჩემო ბერმუხავ, ჩემო ჭაღარავ,
ვერ დაგივიწყებ, ვერ.”

ბატონ რეზოს 1 იანვარს 86 წელი შეუსრულდებოდა. მას, მის დამსახურებასა და როლებს ტყიბული და ტყიბულელი ხალხი არასდროს დაივიწყებს.

თეონა ჯანელიძე