30 აგვისტოს ტყიბულში “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისა” და “საქნახშირის” ინიციატივით მეშახტის პროფესიული დღე აღინიშნა.


ამ დღეს ასობით ადამიანი შეიკრიბა და სახალხო ზეიმი გაიმართა.

მეშახტეთა პროფესიულ დღესასწაულს საბჭოთა პეროიდში ჩაეყარა საფუძველი და იგი პირველად 1948 წლის 29 აგვისტოს აღინიშნა. რაც შეეხება ტყიბულს, “მშვიდობის პარკის” მშენებლობა სწორედ მეშახტეთა პროფესიას უკავშირდება, სადაც 1984 წელს მეშახტეთა დღის მასშტაბური აღნიშვნის ტრადიცია დამკვიდრდა. ასე რომ, ყოველი წლის აგვისტოს ბოლო კვირა დღეE მეშახტეთა პროფესიული თარიღია. 90-იანი წლების უძრაობის ხანაში აღარც მეშახტეთა დღე ყოფილა აქტუალური. მას შემდეგ, რაც ტყიბულის შახტებში “საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი” შემოვიდა, ტრადიცია კვლავ აღდგა და კომპანია უკვე რამდენიმე წელია ყველა მეშახტეს და არამარტო მათ პროფესიულ დღესასწაულს საკმაოდ პომპეზურად ულოცავს.

კომპანიის ინიციატივით ,,მეშახტის დღის’’აღსანიშნავად წელს ქალაქის ცენტრში, სპეციალური საბავშვო გასართობი კუთხეც მოეწყო. პატარებისთვის გაიმართა თოჯინების სპექტაკლი, ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმების კოსტუმირებულმა გმირებმა ბავშვებისთვის სხავდასხვა გასართობი თამაშები და შოუ წარმოადგინეს. გაიმართა ილუზიონისტის საჩვენებელი ნომრები, მოეწყო სპეციალური კუთხე, სადაც პატარებს საშუალება ჰქონდათ საყვარელ კოსტუმირებულ გმირებთან ერთად საკუთარი ხელით დაემზადებინათ აპლიკაციები, გაეფერადებინათ სურათები და დაეხატათ ნახატები. აქვე გაიმართა სპორტული და შემეცნებითი აქტივობებიც.დასასრულს კი პატარა სტუმრები კომპანიამ ნაყინებითა და ლიმონათებით დაასაჩუქრა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ამ დღეს ქალაქის ცენტრში უამრავი მოწვეული სტუმარიც იმყოფებოდა. მეშახტეთა ქალაქს და “საქნახშირში” დასაქმებულ მეშახტეებს პროფესიული დღესასწაული კომპანიის ხელმძღვანელობამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა – ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზაზა მეფარიშვილმა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ მიულოცეს.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში დაჯილდოვდნენ საქნახშირის წლის საუკეთესო მეშახტეები, რომელთაც კომპანიის მხრიდან ფულადი ჯილდოები და საპატიო სიგელები გადაეცათ. ამავე დღესვე დაღუპული მეშახტეებიც გაიხსენეს და მათ სახსოვრად სიმბოლურად ფრანები გაუშვეს.

სტუმრების საზეიმო განწყობაზე “რუსთავი 2”-ის იუმორისტული გადაცემა ,,კომედი შოუს’’ მსახიობებმა და ჯეოსტარის ვარსკვლავებმა იზრუნეს. მუსიკალური ნომრები ნოდიკო ტატიშვილმა, თიკა მახალდიანმა და სალომე ბაკურაძემ წარმოადგინეს.
,,მეშახტის დღისადმი“ მიძღვნილი სახალხო ზეიმი, დღის ბოლოს ქალაქის ცენტრში ფერადი ფოერვერკებით დასრულდა.

თეონა ჯანელიძე