კომპანიის ინიციატივით, ტყიბულში 30 აგვისტოს ,,მეშახტის დღის“ ღონისძიების აღსანიშნავად დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები

კომპანიის მხარდაჭერით – დღის 12 საათიდან, ქალაქის მუნიციპალიტეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ადგილი.
კოსტუმირებული გმირები თქვენი პატარებისთვის სხვადასხვა გასართობ თამაშებსა და შოუს შემოგთავაზებენ, რომელშიც მონაწილეობის მიღება შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. გაიმართება ილუზიონისტის საჩვენებელი ნომრები, პარალელურად პატარებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ თოჯინების თეატრი. სპეციალურად მოეწყობა კუთხე, სადაც პატარა სტუმრებს საშუალება ექნებათ საყვარელ კოსტუმირებულ გმირებთან ერთად, საკუთარი ხელით დაამზადონ აპლიკაციები, გააფერადონ სურათები და დახატონ ნახატები. თქვენი პატარების საზეიმო განწყობაზე მათივე საყვარელი ზღაპრის გმირები იზრუნებენ.

დღის 14 საათისთვის მეშახტეებს და ქალაქის მკვიდრთ ,,მეშახტის დღეს“ გუბერნატორი, ადგილობრივი მაჟორიტარი და კომპანიის ხელმძღვანელი მიულოცავენ, სამუშაო პროცესში დაღუპულ მეშახტეთა საპატივცემულოდ, სიმბოლურად ჰაერში ანთებული ფრანების გაშვება იგეგმება.
სტუმრების განწყობაზე კი , ,,რუსთავი2’’-ის ცნობილი ,,კომედი შოუს“ მსახიობები და ჯეოსტარის ვარსკვლავები იზრუნებენ. მუსიკალურ ნომრებს სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი და თიკა მახალდიანი წარმოადგენენ.
საღამოს 9 საათზე კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე თქვენ იხილავთ ულამაზეს საზეიმო ფოიერვერკს!
კომპანია სტუმრებს საუკეთესო განწყობას უსურვებს და გელით 30 აგვისტოს მეშახტის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებებზე!