21 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ სამუშაო შეხვედრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებისა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან გამართა.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ. ელისო ჩაფიძემ შეხვედრაზე საბავშვო ბაღებში ჩასატარებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ეროვნული სასწავლო გეგმების მოდიფიკაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. იგი ასევე მუნიციპალიტეტში არსებული თოთხმეტივე საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის უფროსებისაგან იმ პრობლემებს გაეცნო, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

ამავე დღეს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი იმ სამ საბავშვო ბაღს ესტუმრა, რომლებიც ყველაზე მეტად სავალალო მდგომარეობაშია და სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოითხოვს. პირველ, მეოთხე და მეექვსე საბავშვო ბაღებში არსებულ სიტუაციას ელისო ჩაფიძე ადგილზე გაეცნო. მეოთხე საბავშვო ბაღის შენობის ნაწილი თითქმის მთლიანად ჩამოშლილია, რითაც უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. შესაკეთებელია სახურავიც. ბაღს ასევე დამატებითი ჯგუფებისათვის ოთახები ესაჭიროება.

დიდი ტრადიციების მქონე ქალაქის პირველი საბავშვო ბაღი წელს 60 წლის გახდა, თუმცა ნახევარსაუკუნოვან ბაღს დრომ თავისი კვალი დააჩნია და შენობა თითქმის მთლიანად ამორტიზირებული და ავარიულია. ბაღი წელს 120 აღსაზრდელს მიიღებს, მაგრამ კონტიგენტის გაზრდასთან ერთად საჭირო გახდა დამატებითი ოთახების გარემონტება.

30 წელია, რაც მეექვსე საბავშვო ბაღში კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა. შენობის სახურავი დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს. ჩასატარებელია კოსმეტიკური სამუშაოებიც, შესაცვლელია ეზოში გასასვლელი კარი.

წელს ახალი სასწავლო წლიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებმა 600-მდე აღსაზრდელი უნდა მიიღოს. საბავშვო ბაღებში სწავლება წელსაც უფასოა.

თეონა ჯანელიძე