„გაატარეთ ჩაის დღე ტყიბულში ჩვენთან ერთად!“ – ასე მოუწოდეს ღონისძიების ორგანიზატორებმა ყველა დაინტერესებულ პირს იმ ეკობაზრობაზე, რომელიც 21 სექტემბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტში გელათის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

საოჯახო პირობებში დამზადებული ჩაი, თაფლი, ყველი, ოკრიბული ღვინო თუ სხვა ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი სტუმრებს ადგილზევე შეეძლოთ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ კიდეც. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პოლონური ეკოგანვითარებისა და ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდები ასოციაცია „ახალ ოკრიბასთან“ ერთად.

ჩაის დღე ტყიბულში მეორე წელია რაც იმართება და მიზნად ისახავს ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებელთა ხალშეწყობას, რეგიონის პოპულარიზაციასა და მოსახლეობის ინიციატივების წარმოჩენას და წახალისებას.

ეკობაზრობაზე მისულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს ადგილობრივ ფოლკლორთან ზიარების საშუალება მიეცათ, ღონისძიებას სოფელ საწირის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი “მანდილი” მუსიკალურად აფორმაბდა. ჩაის დღის მსვლელობისას დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი სუვენირებიც შეეძინათ.

ნათია მურუსიძე