23 ოქტომბერს გელათის მონასტერში, აკადეემის შენობაში გასვლითი სესია ჩატარდა, სადაც საზოგადოებას ღვთისმშობლის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების ანგარიში წარუდგინეს.

სესიაზე მოწვეულნი იყვნენ დარგის სპეციალისტები, საქართველოს საპატრიარქოს, იმერეთის მხარის გუბერნიის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ამჟამად გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს უშუალო ზედამხედველობით სამუშაოებს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტი და საქართველოს მემკვიდრეობა ატარებს. პროექტი ამერიკის ელჩის დიდი გრანტის, მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის პირველ ეტაპზე გუმბათის არქიტექტურული და კონსტრუქციული წყობის დეტალური შესწავლა ჩატარდა. ასევე მომზადდა პირობები ისტორიული მოჭიქული კრამიტით გადახურვისთვის.

ამასთანავე გასვლით სესიაზე საზოგადოებას ღვთისმშობლის ტაძარზე დაგეგმილი სამომავლო სამუშაოებიც წარუდგინეს, კერძოდ აქ მსოფლიო ბანკის და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ტაძრის ქვის ზედაპირის სრული კონსერვაცია და ასევე ამერიკის საელჩოს დაფინანსებით გუმბათისა და ყელის ფრესკების მდგომარეობის კვლევა და გადაუდებელი კონსერვაცია განხორციელდება.
გასვლითი სესიის მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოებზე და წარმოაჩინოს აშშ საელჩოს წვლილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში. ამასთან, მისი ამოცანა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობაში ადგილობრივი თემის ჩართულობისა და ადგილობრივი რესურსების მობილიზაციის ხელშეწყობა იყო.

გელათის მონასტერს თავისი უაღრესად დიდი ისტორიული და მხატვრული ღირებულებებით გამორჩეული ადგილი უჭირავს არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის ისტორიაში, რის გამოც მონასტერი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი და ამჟამად მისი რენომინაციის პროცესი მიმდინარეობს.

თეონა ჯანელიძე