12 ივლისს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. ამორმჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ 8 თვითმმართველი ქალაქის მერი და 13 მუნიციპალიტეტის გამგებელი. კენჭისყრისთვის დილის 8:00 სთ-იდან ქვეყნის მასშტაბით 1 525 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 28 საარჩევნო ოლქში 1 715 514-ს შეადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტყიბულში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 17:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 7 993-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 34,48%-ს შეადგენს.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე თითოეული ამომრჩეველი ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებს. დღევანდელი არჩევნებისთვის სულ 1 605 000-ი ბიულეტენი დაიბეჭდა, მათ შორის – 1 191 450 მერის და 413 550 გამგებლის, აქედან 5 050 აზრებაიჯანულ ენაზე ასარჩევი ბიულეტენია. ამ დრომდე ტყიბულის #57-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მცირე სახის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით 11 საჩივარი იქნა შესული, საიდანაც 10 საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსება იყო, ხოლო ერთი დარღვევა კი მეთვრამეტე უბანზე დაფიქსირდა, სადაც რეგისტრატორმა ამომრჩეველს ერთზე მეტი ბიულეტენი გაატანა.
ტყიბულში კენჭისყრის პროცესს აკვირდებიან როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ისე თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი, საერთაშორისო და მედია ორგანიზაციები, მათ მეორე ტურისთვის უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ, ამიტომ არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგი 15 ივნისის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ.
ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრის პროცესი საღამოს 8:00 სთ-ზე დასრულდება.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *