25 ნოემბერს ტყიბულის მუნიციპალური თეატრის სცენაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მოღვაწეობისადმი მიღძვნილი კონცერტი გაიმართა.

„მადლი ღვთისაგან ჩვენზედა,“_ ასე დაასათაურეს ორგანიზატორებმა ერის სულიერი წინამძღვრის 81-ე საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საღამოს თავად იდეის ავტორი, თეატრის დირექტორი ლალი კუბლაშვილი უძღვებოდა. სცენაზე პარტიარქის ნათლულები მიიწვიეს, რომლებიც თეატრის ადმინისტრაციამ სპეციალურად მათთვის შექმნილი ბარათებით დაასაჩუქრა. შესრულდა საცეკვაო ნომრები, მათ შორის რამდენიმეს პრეზენტაცია სწორედ ამ დღეს შედგა. თეატრის დასის მიერ ნამღერმა საგალობლებმა ღონისძიებას კიდევ უფრო მეტი სულიერება შემატა. ნაჩვენები იყო ფირიც, რომელიც გასულ წელს პატრიარქთან ტყიბულის თეატრის კოლექტივის ვიზიტსა და მისთვის საგანგებოდ დაწერილი ბერი გაბრიელ სალოსის ხატის გადაცემას ასახავდა. ემოცია იღვრებოდა სცენიდან და ასეთივე ემოციით რეაგირებდა დარბაზიც.

მუსიკალური ნომრების პარალელურად თეატრის სცენას მხატვრული კითხვის ტრადიცია დაუბრუნდა.

პატრიარქის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებს. “აფხაზური სახლის” მშენებლობის საქმეში, რომლის იდეაც უწმინდესს ეკუთვნის, ჩვენმა პატარა ქალაქმა საკუთარი წვლილი შეიტანა და თეარტის ფოიეში მდგარი შესაწირი ყუთი 400 ლარამდე თანხით შეავსო. შესაწირი ყუთი სპეციალური კომისიის მეთვალყურეობის ქვეშ სწორედ კონცერტის მსვლელობისას გაიხსნა. საღამოს კულმინაცია კი ერის სულიერი მამის მოღვაწეობის შთაგონებული ლექსის სტრიქონები აღმოჩნდა.

ნათია მურუსიძე