მუნიციპალიტეტის გამგებელი გასვლითი სამუშაო დღის ფარგლებში მუნიციპალიტეტის თემებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებისა და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტების დათვალიერებას კვლავ აგრძელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად რობიზონ გვენეტაძე 4 დეკემბერს ცუცხვათისა და ორპირის თემებში იმყოფებოდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წელს ცუცხვათში გარე განათების მოწყობა და შიდა სასოფლო გზების შეკეთება მოხდა. ამ დროისთვის არნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ყველა პროექტის განხორციელება დასრულებულია, რომელზეც სულ 24 307 ლარი დაიხარჯა. რობიზონ გვენეტაძე ამ დღეს ცუცხვათის საბავშვო ბაღშიც მივიდა და იქ არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ბაღის შენობის სახურავი დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს, ასევე უნდა მოხდეს მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვაც. საბავშვო ბაღში მოსაწესრიგებელია შიდა განათება და წყალმომარაგების საკითხიც. მუნიციპალიტეტის გამგებელი ცუცხვათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაშიც იმყოფებოდა, სადაც მან სამსახურის უფროსებთან ერთად ტაძრის ტერიტორიაზე სამრეკლოს სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

80 000 ლარამდე დაიხარჯა ორპირის თემზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. თანხები ძირითადად სოფლებში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობასა და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას მოხმარდა. ასევე მოხდა ხიდების შეკეთება და სანაგვე ურნებისა და ძელსკამების შეძენა.

რობიზონ გვენეტაძე ამ დღეს ორპირის მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემებით დაინტერესდა. იგი მათ კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგს სხვა თემებში მომავალი კვირიდან განაახლებს.

თეონა ჯანელიძე