14 დეკემბერს მუნიციპალიტეტმა ხრესილობის დღესასწაული იზეიმა. ბოლო რამდენიმე წელია უკვე ამ თარიღის აღნიშვნა ადგილობრივებმა ტრადიციად აქციეს. დღესასწაულის აღსანიშნავად ამ დღეს ხრესილში ოკრიბელთა დიდმა ნაწილმა მოიყარა თავი. სკოლის შენობაში შეკრებილთა შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელები და რესურსცენტრის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი ხრესილის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ, რომელიც ჭყეპის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ნიკოლოზმა აღავლინა.

ხრესილის ბრძოლა 1757 წლის 14 დეკემბერს სოლომონ I-ის მეთაურობით ოსმალთა ლაშქრის წინააღმდეგ ხრესილის ველზე გაიმართა. ამ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა სოლომონ პირველის ჯარმა. სოლომონ I-ის ბრძოლამ მტკიცე სამეფო ხელისუფლების შესაქმნელად, დასავლეთ საქართველოს გასაერთიანებლად და ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ მეფესა და ოსმალებს შორის ურთიერთობა უფრო გაამწვავა. ოსმალები განსაკუთრებით ვერ ურიგდებოდნენ სოლომონის ბრძოლას ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. თურქები დაუკავშირდნენ მეფის მოწინააღმდეგე თავადებს. მოღალატე თავადი ლევან აბაშიძე ახალციხეში ჩავიდა და თვითონ წამოუძღვა მტერს იმერეთისაკენ. დეკემბერში ოსმალთა ჯარი იმერეთში შემოვიდა. სოლომონმა მტერი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილას – ხრესილის მინდორზე – შეიტყუა და სასტიკად დაამარცხა. სამი ფაშა დაატყვევეს და შემდეგ დახოცეს. ომში მოკლეს მოღალატე ლევან აბაშიძე, ხოლო როსტომ რაჭის ერისთავმა გაქცევით უშველა თავს. ამიტომ 14 დეკემბერი არის თავისუფლების, ქართული სულის და ქართული ჯარის გამარჯვების დღე.

ხრესილის საჯარო სკოლამ ამ დღის აღსანიშნავად ღონისძიება წლევანდელ ხრესილობაზეც გამართა, რომელშიც სკოლის მოსწავლეთა დიდი ნაწილი იყო ჩართული. მე-18 საუკუნის საქართველოს ისტორიული ეპოქა მინიატურული პასაჟებით იქნა სცენაზე გაცოცხლებული. მოსწავლეები პატრიოტული ჟღერადობით სავსე სიმღერებით, ლექსებით თუ მხატვრული ჩანახატებით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ღონისძიების სულისჩამდგმელებმა ჭეშმარიტად ქართული საღამო აჩუქეს მაყურებელს.

ხრესილობის აღვნიშვნის ტრადიციას საფუძველი 1996 წლიდან ჩაეყარა.

თეონა ჯანელიძე