19 დეკემბერს ქართველი მართლმადიდებლები ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება დღესასწაულზე ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანე (კობახიძემ) ჩაატარა.

  წმინდა ნიკოლოზი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და ყრმობიდანვე სასწაულებს ახდენდა. ნათლობისას სამი საათის განმავლობაში ყრმა ფეხზე ისე იდგა, რომ არავინ იჭერდა და თაყვანს ცემდა წმინდა სამებას. დედის ძუძუს ოთხშაბათს და პარასკევს მხოლოდ მას შემდეგ იღებდა, როცა მისი მშობლები მწუხრის ლოცვებს წაიკითხავდნენ. იგი გაჭირვებულთა დასახმარებლად ყოველთვის მზად იყო და წმინდა წერილს მისდევდა. წმინდა ნიკოლოზი სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც უამრავ სასწაულს ახდენდა, მათ შორის უახლოეს წარსულშიც:

  ბერმა გაბრიელმა წმინდა ნიკოლოზის ხატი გულზე დაიკიდა და ზღვაში შევიდა, უფალო თუ ვარ ღირსი და სათნო, მაშინ მიხსენიო. პორტში მდგარ ერთ-ერთ ჯარისკაცთან მოხუცი მივიდა და უთხრა, კაცი იხრჩობა და გადაარჩინეთო. როცა ბერი გაბრიელი ნაპირზე გამოიყვანეს, ჯარისკაცმა მის გულზე დასვენებულ ხატს დახედა და თქვა: აი, ის მოხუცი, რომელმაც გვამცნო, რომ ადამიანი იხრჩობოდაო.

  ნიკოლოზობის დღესასწაულზე ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურებას მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე დაესწრო. მან ტყიბულელ მრევლს ეს დღესასწაული მიულოცა.

თეონა ჯანელიძე