ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე 8 ივლისს ტყიბულში იმყოფებოდა.

იგი ჩვენს ქალაქში ორი ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. კახი კალაძემ იმერეთის მხარის გუბერნატორთად და ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას გაზიფიცირების მეორე ეტაპის პროექტის დეტალები გააცნო, რომელიც 2015 წლის ივნისი ჩათვლით 5 107 აბონენტის გაზიფიცირებას გულისხმობს. პროექტის საერთო ღირებულება 2 120 000 ლარია და მისი დამკვეთი ენერგეტიკის სამინისტროა, ხოლო უშუალო შემსრულებელი ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “კომფორტი XXI”-ეა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება მთლიანად ქალაქში 89 206 კმ-ის სიგრძის ქსელის მონტაჟი, გაზაფხულიდან კი სამუშაოებში გაზგამანაწილებელი კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ჩაერთვება, რომელიც უშუალოდ თითოეული აბონენტის გაზიფიცირებას მოახდენს. ტყიბულის სრული გაზიფიცირება კი მომავალი წლის ზამთრამდე იგეგმება.
ამავე დღეს კახი კალაძე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ წარმოდგენილ ტყიბულის წყალმომარაგების პროექტის პრეზენტაციასაც დაესწრო, რომლის ღირებულებაც 4 მლნ ლარამდეა. პროექტის მიხედვით სამუშაოები შემოგომაზე დაიწყება და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის გარდა 5 რეზერვუარისა და 17 კმ-იანი ქსელის რეაბილიტაცია მოხდება. პროექტი ჩვენს ქალაქში ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების დასრულება 2016 წლისათვის იგეგმება, რის შედეგადაც ტყიბულის მოსახლეობას 17 და 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
პარალელურად საქართველოს წყალმომარაგების კომპანია ქალაქში არსებული ამორტიზირებული უბნების რეაბილიტაციასაც უზრუნველყოფს. ამჟამად კი აღნიშნული კომპანიის მიერ ტყიბულში 2 რეზევუარის, გამწმენდი ნაგებობისა და 14 კმ-იანი გამანაწილებელი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება კი 1,5 მლნ ლარს შეადგენს.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *