განსაკუთრებულად სამახსოვრო აღმოჩნდა 2015 წლის დასაწყისი ტყიბულელი ბავშვებისათვის. მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი, ობოლი და წარმატებული მოსწავლეებისათვის მაჟორიტარი დეპუტატის, ელისო ჩაფიძის, ინიციატივითა და საaმშენებლო კომპანიის „რედკოს“ ხელმძღვანლის, მირიან ქათამაძის, ფინანსური მხარდაჭერით საქველმოქმედო – საახალწლო ღონისძიება მოეწყო.

2 იანვარს 50-მდე ტყიბულელმა მოსწავლემ თბილისის „მაკდონალდსის“ ბავშვთა გასართობ ცენტრში მათთვის მომზადებულ საახალწლო ღონისძიების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. „მაკდონალდსის“ მესვეურებმა „ჰეფიმილებითა“ და სხვადასხვა საჩუქრებით დაამახსოვრეს თავი ტყიბულელ სტუმრებს.

თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში გამართული საბავშვო ზღაპრის „მაუგლის“ ჩვენებას დაესწრნენ და ამ წარმოდგენის შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებდნენ ისინი. რუსთაველის პროსპექტზე მაჟორიტარ დეპუტატთან, ელისო ჩაფიძესთან, ერთად ისეირნეს და დედაქალაქის საახალწლო ნაძვის ხესთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს მათ.

წმინდა სამების სახელობის ტაძრის სიწმინდეები ტყიბულელმა ბავშვებმა საკრებულოს თავმჯდომარესთან თამაზ კუბლაშვილთან და გამგებლის მოადგილესთან სოფო ბოჭორიშვილთან ერთად მოილოცეს და მშობლიურ რაიონს შთაბეჭდილებებით სავსე მადლიერნი დაუბრუნდნენ.

ნანა რაზმაძე,
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესმდივანი