. მშვიდობის კორპუსი აგრძელებს ქართველი ხალხის სამსახურში ყოფნას და 10 ივლისს თბილისში 52 მოხალისის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ეს მოხალისეთა მეთხუთმეტე ჯგუფია, ვინც საქართველოში იმსახურებს. მოხალისეებს შორისაა 33 ინგლისური ენის მასწავლებელი და 19 ორგანიზაციული განვითარების მრჩეველი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს თერთმეტ კვირიანი ტრენინგი, რაც მოიცავდა ქართულ ენასა და კულტურას, სამსახურთან დაკავშირებულ სპეციალიზირებულ უნარებს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ამერიკის საელჩოს, რეგიონალური და ადგილობრივი მთავრობების, თანამშრომელი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, მასპინძელი ოჯახები, მშვიდობის კორპუსის თანამშრომლები და მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ესწრებოდნენ.
სასწავლო პროცესის ფარგლებში, იმისათვის რომ უკეთ ადაპტირებულიყვნენ გარემოში, მოხალისეები ქართულ მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობდნენ გორისა და ქარელის რაიონებში. ახალი სასწავლო წლიდან, ქვეყნის ათ რეგიონში, მოხალისეთა ნაწილი საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლებას შეუდგება, ხოლო ნაწილი ქართულ არასამთავრობო სექტორსა და თემში მოქმედ ორგანიზაციებში იმუშავებს. ეს რეგიონებია: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო და შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო და სამცხე-ჯავახეთი.
მშვიდობის კორპუსი საქართველოში, საქართველოს მთავრობის თხოვნით მოქმედებს და კვალიფიციური კადრების ჩამოყვანას უზრუნველყოფს, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ისევე როგორც ქართველებსა და ამერიკელებს შორის უკეთესი ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას. მშვიდობის კორპუსის მუშაობა საქართველოში 2001 წელს დაიწყო. 2015 წლის მოხალისეთა ჯგუფის ჩათვლით, სხვადასხვა თემებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტმა მოხალისემ იმუშავა ქართველი ხალხის გვერდით.
მას შემდეგ, რაც ჯონ კენედიმ 1961 წლის 1 მარტის ბრძანებულებით მშვიდობის კორპუსი დააარსა, 220, 000-ზე მეტმა ამერიკელმა იმსახურა 140 მასპინძელ ქვეყანაში. დღეს, 6, 8000-ზე მეტი მოხალისე მუშაობს ადგილობრივ თემებთან 64 ქვეყანაში სოფლის მეურნეობის, თემის ეკონომიკური გაძლიერების, განათლების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და ახალგაზრდების განვითარების საკითხებში. მშვიდობის კორპუსის მოხალისეებად მიიღებიან მხოლოდ ამერიკის მოქალაქეები, მინიმუმ 18 წლის და ზევით. მშვიდობის კორპუსში მსახურობა 27 თვეს გრძელდება და ორგანიზაციის მთავარი მისიაა, ხელი შეუწყოს მსოფლიოს ხალხთა შორის მეგობრობისა და მშვიდობის დანერგვას და უკეთესი ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას ამერიკელებსა და სხვა ქვეყნის ხალხებს შორის.
მშვიდობის კორპუსის ერთერთი მოხალისე დანიელ ვიდერი ტყიბულში ჩამოვიდა და არასამთვრობო ორაგანიზაცია “ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში TDDF“ 2 წელი იმუშავებს.როგორც ორგანიზაციის განვითარების მრჩეველი.
P.S “ოკრიბანიუსი“ დანიელ ვიდერთან ინტერვიუს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.