2014 წლის დეკემბრიდან იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ს პროექტის, „ალტერნატიული და განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში“ ფარგლებში, ტყიბულის N3 საბავშვო ბაღში ჰელიო სისტემა დამონტაჟდა, რომელიც უზრუნველყოფს ცხელი წყლით მომარაგებას.

საინტერესოა, რომ ანალოგიური ჰელიო სისტემა ასევე დამონტაჟდა მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იფარის ფერმერულ მეურნეობაში.
პროექტის ფარგლებში ასევე ბავშვებისათვის გამოიცა გასაფერადებელი ალბომი „მე და ენერგია“,რომელიც მარტივად და სახალისოდ გადმოსცემს ინფორმაციას განახლებადი ენერგიისა და ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის(GEF) მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით.
მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ტყიბულის N3 საბავშვო ბაღს ესტუმრა გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP)-ის წარმომადგენლები, რომლებიც გაეცნო აქ დამონტაჟებული ჰელიოსისტემის მუშაობას. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ტყიბულის მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს ყველა ანალოგიურ საქმიანობას, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებას.
განხორციელებული პროექტის შესახებ მადლიერება გამოთქვეს როგორც საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობამ და პედაგოგებმა, ასევე ბავშვების მშობლებმა. სტუმრების საპატივცემულოდ საზეიმო კონცერტი გამართეს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა.