გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიატი და საქართველოს პარლამენტის სტაჟიორები დღეს, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ელისო ჩაფიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ელისო ჩაფიძემ როგორც საპარლამენტო საქმიანობაზე, ასევე დეპუტატის ბიუროს მუშაობის შესახებ ისაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ხელისუფლების ინიციატივით განხორციელებულ რეფორმებზე. მან ახალგაზრდებს გააცნო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და კომიტეტის მხარდაჭერით მიმდინარე რეფორმები, ისაუბრა სკოლამდელი აღზრდის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტის შემუშავების პროცესზე. სტაჟიორები საქართველოში დუალური სწავლების პერსპექტივებით დაინტერესდნენ. ელისო ჩაფიძის განცხადებით, ამ მხრივ, ნაბიჯები უკვე გადადგმულია. „სამინისტროს მიერ აღიარებულია ორმაგი დიპლომი. გაცვლით პროგრამებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები სტატუსით გაუთანაბრდნენ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, ისინი სარგებლობენ იმავე შეღავათებით, რომლითაც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ. თუმცა, დეპუტატს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს პროფესიის დასაუფლებლად მოტივირებული სტუდენტების სწავლება და არა იმათი, ვინც მხოლოდ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომითაა დაინტერესებული.
ელისო ჩაფიძეს, როგორც ქალაქ ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს, სტუდენტებმა კითხვები დაუსვეს ქალაქ ტყიბულის ქვანახშირის შახტებში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვასთან და ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ქალაქის პერსპექტივებით, რომელიც ქვანახშირის მოსაპოვებლად ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით დაარსდა. დეპუტატის ინფორმაციით, ტყიბულში ამოქმედდა სამთო პროფესიული სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებულებიდან 80% შახტებში დასაქმდა. მისი თქმით, პროფესიული კადრების მომზადების შედეგად, ავარიების რიცხვმა მაღაროებში მნიშვნელოვნად იკლო. როგორც ელისო ჩაფიძემ აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მიმდინარეობს მსჯელობა ტყიბულში სამთო ფაკულტეტის დაარსების შესახებ, რომელიც სამთო ინჟინრებს მოამზადებს. დეპუტატის მოსაზრებით, უმაღლესი სასწავლებლის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეამცირებს ახალგაზრდების გადინებას რაიონიდან.
საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაცია.