ტყიბულში მეშახტეთა გაფიცვა ისევ გრძელდება. მეოთხე დღეა მეშახტეები მინდელის სახელობის შახტის წინ არიან შეკრებილები. მათი მოთხოვნაა ხელფასების 20%-ით მომატება და ბიულეტენის 100%-ით ანაზღაურება.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამჟამად ბიულეტენის 70%-ით ანაზღაურება ხდება.
დღეს დილით მეშახტეთა 16 კაციანი საინიციატივო ჯგუფი ადმინისტრაციაში შახტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე შევიდა და მათ გაფიცულთა მოთხოვნები გააცნო. ხელმძღვანელობამ მეშახტეებს განუცხადა, რომ მათ მოთხოვნას განიხილავენ და პასუხს რამდენიმე საათში შეატყობინებენ. რამდენიმე საათის შემდეგ მეშახტეთა 6-კაციანი ჯგუფი შევიდა ადმინისტრაციაში პასუხის მისაღებად.მაგრამ ხელმძღვანელობისაგან მათ მოთხოვნებზე უარი მიიღეს.რის შემდეგაც მეშახტეები „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ გენერელურ დირექტორთან ვახტანგ ჩხეიძესთან კაბინეტში მივიდნენ და თანამდებობიდან გადადგომა მოთსხოვეს,ვინაიდან მას შახტების მართვა უჭირს.
მეშახტეთა გაფიცვის გამო, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია.