ტყიბულში მინდელის სახელობის შახტასთან გაფიცულ მეშახტეებს, საქართველოს პარლამენტის წევრი ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

“გავიგე, რომ ითხოვდით ჩემთან შეხვედრას. ასევე მივიღე თქვენგან წერილობითი თხოვნა შეხვედრის შესახებ და მოვედი თქვენთან შესახვედრად”, – მიმართა ელისო ჩაფიძემ გაფიცულ მეშახტეებს.

ელისო ჩაფიძე მეშახტეებთან ერთად “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” გენერალურ დირექტორს ვახტანგ ჩხეიძეს და შახტის ხელმძრვანელობას შეხვდა. შეხვედრაზე ელისო ჩაფიძემ მეშახტეების მოთხოვნებზე და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მეშახტეებმა განაცხადეს, მათ შორის ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ მოხდა. დირექტორმა მეშახტეებს მოუწოდა, შახტაში სამუშაოდ წასულიყვნენ, რადგან შახტის გაჩერებით ზარალდება როგორც კომპანია, ასევე რაიონი, ასევე აუცილებელია კონტრაქტორს დროულად მიეწოდოს მოპოვებული ნახშირი. მეშახტეთა მოთხოვნა ხელფასების მომატებაა.