ტყიბულელმა მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. როგორც ჟურნალისტებს ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ განუცხადა, მოლაპარაკების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ “საქნახშირის ჯი-აი-ჯის” საერთო სახელფასო ფონდი 5 პროცენტამდე გაიზრდება, თუმცა მეშახტეებსა და მაღალი რისკის შემცველ სამუშაოებზე დასაქმებულებს 5%-ზე მეტით გაეზრდებათ.

შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით მიაღწიეს. როგორც ცნობილია, ბიზნესომბუდსმენი, გიორგი გახარია ტყიბულში პრემიერის დავალებით ჩავიდა. მიღწეული შეთანხმების თანახმად, ტყიბულის შახტაში საწარმოო პროცესი სრულად უნდა აღდგეს არა უგვიანეს, პირველი მარტის, 12:00 საათისა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამსაქმებელი ეტაპობრივად დანერგავს და განახორციელებს შრომითი უსაფრთხოების კონკრეტულ ღონისძიებებს, ასევე გაფიცვის პერიოდში – 2016 წლის 14-დან 29 თებერვლის ჩათვლით გაცდენილი სამუშაო დღეებიდან კომპანია აანაზღაურებს ნახევარ ხელფასს, ხოლო მეორე ნახევარი დასაქმებულს აუნაზღაურდება გამოუყენებელი/გამოსაყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ხარჯზე. ხელშეკრულების თანახმად, შექმნილი მდგომარეობის გამო დასაქმებულთა მიმართ არ იქნება გატარებული ადმინისტრაციული/დისციპლინური სანქციები.

ტყიბულის გამგეობის შენობაში მოლაპარაკება 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდენ ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი,”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ფინანსური დირექტორი ზურაბ გელენიძე და მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტის წევრები.