ტყიბულელმა მეშახტეებმა კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ მიერ შეთავაზებული შრომითი ხელშეკრულების პირობები გააპროტესტეს. როგორც ”ოკრიბანიუსს” საგაფიცვო კომიტეტის წევრმა ლევან ბეშკენაძემ განუცხადა 2 დღის წინ ღამით ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მეშახტეთა ნაწილს შრომით ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერინა, ისე რომ არც გააცნეს ხელშეკრულების პირობები.

როდესაც ეს შევიტყვეთ საქმეში ჩავერთეთ საგაფიცვო კომიტეტის წევრები და ასევე ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენლები და გავაპროტესტეთ მათ მიერ წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულება. ასევე ხელშეკრულების პირობები გავაცანით იმ მეშახტეებს ვისაც ჯერ კიდევ არჰქონდათ ხელი მოწერილი ხელშეკრულებაზე და მათაც უარი განაცხადეს ხელმოწერაზე.
როგორც ლევან ბეშკენაძე აცხადებს მათ მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულებით მეშახტეებს მოუწევდათ მონურ პირობებში მუშაობა,ამიტომ ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ადგილობრივი პროფკავშირები და დღეს მათი წარმომადგენელები კომპანიის ადმინისტრაციას საგაფიცვო კომიტეტის წევრებთან ერთად შეხვდა.
საქართველოს ნახშირისა და სამთო მრეწველობის პროფკავშირების თავჯდომარის თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით ის დღეს პროფკავშირების ადგილობრივი კომიტეტის და საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ ტყიბულში კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელობას და მათშორის მოხდა შეთანხმება რომ, კომპანიის და პროფკავშირების იურისტები ერთობლივად შეიმუშავებენ ახალ შრომით ხელშეკრულებას სადაც დაცული იქნება მეშახტეთა უფლებები.ასევე კომპანიის ადმინისტრაციისაგან მიიღეს პირობა რომ ანულირებული იქნება იმ მეშახტეებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი.