„საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი” დასაქმებულებისთვის ხელშეკრულების ახალი პირობების შეთავაზების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. „ოკრიბანიუსი“ კომპანიის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ.

2016 წლის 29 თებერვალს შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“-ს და დასაქმებულებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პირობა იყო ეტაპობრივად სახელფასო განაკვეთების გაზრდა, რაც ჯამურად 10%-ით უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2016 წლის 1 აპრილიდან.
გამომდინარე იქიდან, რომ სახელფასო განაკვეთების ფაქტობრივად გაზრდა საჭიროებს მხარეთა შორის გაფორმებულ შესაბამის შრომით ხელშეკრულებებში ასახვას, კომპანიამ შეიმუშავა და დასაქმებულებს შესთავაზა ხელშეკრულებების ახალი პროექტები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. შრომითი ხელშეკრულებების დასაქმებულთათვის გაცნობა და წარდგენა განხორციელდა მათი სამუშაო ცვლების შესაბამისად (რიგ შემთხვევაში ღამის საათებშიც), რადგანაც სამუშაო პროცესი კომპანიაში უწყვეტად, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
2016 წლის 23 მარტს შედგა შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციას, დასაქმებულთა ნაწილსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის, რომლის ფარგლებშიც ადმინისტრაციამ ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას ბოლო 3 კვირის განმავლობაში გატარებული კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებით, მათ შორის გარემონტებული და ბოლო კვირების განმავლობაში ახლად შეძენილი ელმავლების, ძვირადღირებული კომბაინების შეძენის, ფეთქი ნივთიერებებების საწყობის მოდერნიზაციის, ძიძიგურის შახტაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების, ამავე შახტის სასადილოს ფუნქციების აღდგენისა და სხვათა შესახებ. შეხვედრაზევე შეჯერდა პოზიცია, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ახალი შრომითი ხელშეკრულებების დეტალური დამუშავება, მათი მოქმედ შრომის კოდექსთან სრული შესაბამისობის დადასტურება და საბოლოო რედაქციაზე შეთანხმება.
კომპანიის განმარტებით ახალი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება წარმოადგენს ერთმნიშნელოვან საფუძველს დასაქმებულთათვის გაზრდილი სახელფასო განაკვეთების ანაზღაურებისათვის და ისინი შრომის კოდექსის არც ერთ პირობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, ამასთანავე არ ახდენს დასაქმებულთა უფლებების შეზღუდვას.