“საქნახშირი ჯი- აი- ჯი ჯგუფს”, ჯანდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებულ პროფკავშირებს შორის სოციალური დიალოგი შედგა.

როგორც “ოკრიბანიუსს“ კომპანია “საქნახშირი ჯი- აი- ჯი ჯგუფიდან” აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი თებერვალში მომხდარი გამოსვლების შედეგად კომპანიის მიერ დასაქმებულთათვის მიცემულ პირობებს შეეხო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ახალი შრომით ხელშეკრულებები, შრომითი უფლებები, ვალდებულებები და უსაფრთხოების საკითხები.

მხარეების გადაწყვეტილებით შემდეგი სამუშაო შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში გარდა ახალი ხელშეკრულებების შემუშავებისა, განხორციელდა კონკრეტული სამუშაოები და მოხდა შრომის უსაფრთხოებისათვის საჭირო ახალი ტექნოლოგიების შეძენა. კერძოდ, კომპანიამ შეიძინა ახალი კომბაინი, რომელიც გამორიცხავს ფეთქითი მასალის გამოყენებას, შეაკეთა ძველი და შეიძინა ახალი ელმავლები. ასევე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. კომპანიამ დამატებით შეიძინა თვითმაშველებიც.