ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი, თერჯოლის მოსწავლე–ახალგაზრდობის სოციალური დაცვის, მოქალაქეობრივი და ესთეტიკური აღზრდის მუნიციპალურ ცენტრთან ერთად, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში PIN“-ის „ახალგაზრდული ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის“ მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი, ახორციელებს არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის პროექტს – „ისწავლე მეტი – დაგეგმე მომავალი“.

პროექტის მიზანი იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის 14-დან 16 წლამდე ახალგაზრდების ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესება, შემდგომში მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდის, შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის.
პროექტში ჩართვისათვის შერჩეული იქნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან დაცილებული 11 საჯარო სკოლა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა მონაწილეებისათვის ტრენინგები და არაფორმალური განათლების ბანაკი. ტრენინგების მონაწილეთა შერჩევა განხორციელდა გამოკითხვის მეთოდით. ბანაკის მონაწილეები კი შეირჩა ტრენინგების მონაწილეებისაგან კონკურსის გზით.
ბანაკი მოეწყო ორ ნაკადად ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში. ხუთი დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები სხვადასხვა თემებზე. ასევე ჩატარდა პრაქტიკული აქტივობები. ორივე ნაკადის მონაწილეები ბანაკის მეოთხე დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს და ბორჯომის ტელევიზიას ეწვივნენ. მათ საშუალება ქონდათ პრაქტიკაში ენახათ ბანაკში მოწყობილი ტრენინგების ფარგლებში გავლილი თეორიული მასალის პრაქტიკული მაგალითები. ბორჯომის საკრებულოში ისინი შეხვდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ფერაძეს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაათვალიერეს ვიზიტორთა ცენტრი და მოისმინეს ინფორმაცია პარკში მიმდინარე პროცესების შესახებ, ბორჯომის ტელევიზიაში მათ საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში ენახათ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები, მოესმინათ პრეზენტაცია ტელევიზიის საქმიანობის და ტელევიზიასთან არსებული ახალგაზრდული ჯგუფის საქმიანობის შესახებ.
ბანაკის მიმდინარეობისას, ყოველ საღამოს იმართებოდა შემეცნებით-გასართობი თამაშები. სესიებს ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში მოხალისეობრივად მომუშავე აშშ „მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენელი დანიელ ვიდერი უძღვებოდა. მონაწილეებს ბანაკის მიმდინარეობისას გადაეცათ მაისურები და სერტიფიკატები.
თეონა ჯანელიძე
გიორგი სულაძე