საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, “მოხალისეობის განვითარების პროგრამის – საქართველოს მოხალისეს” ფარგლებში, რომლის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს რეგიონებში,

მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება და პოპულარიზაცია, მიმდინარე წლის 11-დან 31 მაისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს საქართველოს 10 რეგიონსა და 64 მუნიციპალიტეტში 17-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით.
კონკურსის პირველი ეტაპი
კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 11 დან 31 მაისის ჩათვლით, რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე http://youth.gov.ge/home კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.
კონკურსის მეორე ეტაპი
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება. შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი”, სამინისტროს მიერ შერჩეული საკორდინაციო რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტებში ახალაგზრდობაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული და პროგრამის ფარგლებში გაფორმდება მოხალისეობის ხელშეკრულება.
შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები
• ასაკი 17 დან – 25 წლამდე
• მოტივაცია და კომუნიკაბელურობა
• გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
• საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტიურობა
მთლიანობაში საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 128 მოტივირებული მოხალისე (ორი მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან), რომლებიც 10 დან – 14 ივნისის ჩათვლით, გაივლიან 5 დღიან მოსამზადებელ ტრენინგ კურსს ისეთ თემებზე როგორიცაა:
• მოხალისეობა და მოხალისეების რეკრუტირება
• კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
• საჯარო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ფორმები
• პროექტების წერა და ფონდების მოზიდვა
• და მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
ტრენინგ კურსის დასრულებისას თითოეულ მოხალისეს წლის ბოლომდე მიენიჭება „საქართველოს მოხალისის” სტატუსი.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოხალისეები 2016 წლის ბოლომდე საკუთარი თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე რეგიონებში განახორციელებენ ისეთ ინიციატივებს როგორიცაა:მოხალისეთა კლუბის შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა – სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარება, ფილმების ჩვენება, უცხო ენის კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.
პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:
• გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი
• ყოველთვიურად მიიღონ საკომუნიკაციო ხარჯი 45 ლარის ოდენობით
• მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვა ღონისძიებებში
• ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service)
• მიიღონ მოხალისეობრივი პროექტების განხორციელებისთვის დაფინანსება
• გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროექტის კოორდინატორთან – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ანა ხაბარელი ტელ:+599428244; E-mail: a.khabareli@msy.gov.ge