საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის თეატრში კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას უამრავი მაყურებელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ტყიბულის მუნიციპალიუტეტის გამგებლის პირველი მოადგილე შალვა გაბრიაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სხვა წარმომადგენლები.
შალვა გაბრიაძემ ტყიბულელებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სცენიდან მიულოცა და ძიუდოში საქართველოს ჩემპიონსა და ნაკრების წევრს ილია სულამანიძეს, სპორტში მიღწეული წარმატებისათვის, გამგეობის სახელით სიგელი და ფულადი ჯილდო 500 ლარი გადასცა. წარმატებული სამწვრთნელო მოღვაწეობისთვის, სიგელითა და 500 ლარით ასევე დაჯილდოვდა ილია სულამანიძის მწვრთნელი გიგა სოფრომაძე.
26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიება მუნიციპალიტეტის თეატრის დირექტორს ლალი კუბლაშვილს მიჰყავდა.
დამოუკიდებლობის დღეს, სკოლებს შორის ასევე მოეწყო შეჯიბრება კროსში, სადაც ვაჟებში, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ არჩილ როინიშვილმა გაიმარჯვა, ხოლო ქალთა შორის გამარჯვებული მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე ეკა ლომიძე გახდა. გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორი გამგეობის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური იყო.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ფეისბუქგვერდის ინფორმაცია.