,,რასაცა გასცემ შენია” – ამ სახელწოდებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის სცენაზე სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

მასში მონაწილეობა ქალაქის ექვსმა საბავშვო ბაღმა, ხელოვნების სკოლის აღსაზრდელებმა და თეატრის მსახიობებმა მიიღეს, ღონისძიებაზე ასევე ქართული ემოციით გაჯერებული ცეკვები შეასრულეს ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ,,ცხრაჯვარმა” და ,,ოკრიბამ”. რამდენიმე სიმღერით მაყურებლის წინაშე წარსდგა სოლო მომღერალი ნათია გოქაძე. კონცერტის ყველაზე ამაღელვებელი ნომერი კი თეატრის გადახურვითი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შესასრულებელი სამუშაოების ზედამხედველის ლევან ბებელაშვილის მიერ შესრულებული არაჩვეულებრივი და ემოციური სიმღერა იყო.
საქველმოქმედო კონცერტის იდეის ავტორები და ორგანიზატორები მუნიციპალიტეტის თეატრის თანამშრომლები არიან:
,,ჩვენ უკვე სამი წელია ტრადიციად ვაქციეთ უწმინდესისა და სამშობლოს სიყვარულით სიკეთის პროექტის აღსრულება. გასულ წელს, როცა ერთ-ერთი პროექტი ჩავატარეთ, მოწვეული გვყავდა ბერი ანდრიას დედა – თინათინი, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს პატრონობს და როცა მან გვიამბო, თუ როგორი შეჭირვებულია ამ მდგომარეობით, რა რთულია იტვირთო 50 სიმსივნით დაავადებული ბავშვი, გყავდეს ერთადერთი შვილი ამ დაავადებით გარდაცვლილი და გაუძლო ამ ყველაფერს, მაშინ მე დავპირდი ქალბატონ თინათინს, რომ აუცილებლად ჩავიდოდით მასთან და ვანუგეშებდით მათ. მას შემდეგ, ეს პირობა მქონდა ტვირთად. ამ იდეის გარშემო გავერთიანდით მუნიციპალიტეტის თეატრი და დღეს ტყიბული იყო სიყვარულითა და ერთობით სავსე ქალაქი”, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მუნიციპალიტეტის თეატრის დირექტორმა ლალი კუბლაშვილმა.
ამავე დღეს თეატრის ფოიეში გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა. მყიდველთა მიერ გაღებული თანხა გახდა პირველი შესაწირი მძიმე სენით დაავადებული მოზარდების სიცოხლის გადასარჩენად.
საქველმოქმედო კონცერტზე ამ დღეს სულ 2907 ლარი შემოვიდა. სოლიდური შესაწირი გაიღო ,,საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფმა”, კომპანიამ სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად 500 ლარი შესწირა.
ღონისძიებაზე შემოსულ თანხას მუნიციპალიტეტის თეატრის თანამშრომლები სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს 15 ივნისს გადასცემენ, რის შემდეგაც ისინი დავით გარეჯობის დღესასწაულის შესახვედრად დავით გარეჯში ღამისთევით წირვა-ლოცვას დაესწრებიან და მძიმე სენით დაავადებული ბავშვებისათვის ილოცებენ.

თეონა ჯანელიძე