ნარჩენების მართვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქრთველოში

ტყიბულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე თვეა იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ ანხორცირლებს პროექტს „ნარჩენების მართვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“.

პროექტის ფარგლებში ტყიბულში პლასტმასისა და ქაღალდის ნარჩენების დახარისხებული შეგროვების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ქალაქში პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად 4 კონტეინერია განთავსებული, რომლებიც სპეციალურად შერჩეულ ადგილებში დგას. შერჩევისას გათვალისწინებული იქნა ამ ადგილებში მოსახლეობის მოძრაობის ინტენსივობა და მუნიციპალიტეტში ამ პრობლემების მოწესრიგებით დაინტერესებული მხარეების აზრი.
მაკულატურის შესაგროვებელი კონტეინერების განთავსება კი საპილოტედ შერჩეულ ტყიბულის პირველ და მეექვსე საჯარო სკოლებში მოხდა. მაკულატურის კონტეინერები ასევე დაიდგა ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ქაღალდის ნარჩენების შეგროვების პროცესი.
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრმა“ პროექტის ფარგლებში ზემოთ აღნიშნულ სკოლებში ჩაატარა საინფორმაციო გაკვეთილები ნარჩენების მართვის საკითხებზე. დაინტერესებული მხარეებისათვის ასევე გაიმართა ტრენინგები ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების შესახებ.
პროექტს „ნარჩენების მართვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი და ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი ახორციელებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ და „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ თანამშრომლობა რამდენიმე წელია წარმატებულად მიმდინარეობს. ისინი ტყიბულის მუნიციპალიტეტში ერთობლივად ახორციელებენ გარემოსდაცვით პროექტებს.

logo

თეონა ჯანელიძე
გიორგი სულაძე