რაჭაში 6–7 აგვისტოს ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე აღინიშნება. იუბილესთან დაკავშირებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.

6 აგვისტოს 9:00 სთზე დაგეგმილია ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლადაშენებული ეკლესიის კურთხევა, სადაც 13 სთ–ზე საზეიმო პარაკლისს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს, ამავე დღეს 18 სთ–ზე გაიმართება ნიკორწმინდის ისტორიული მნიშვნელობის ამსახველი ფოტო გამოფენა და მოეწყობა ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია.
7 აგვისტოს 10:00 სთ–ზე ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვას აღავლენს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, 14 სთ–ზე მოხდება ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის ადგილის კურთხევა, 18 სთ–ზე გაიმართება რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაცია, 19:00 სთ–ზე კი საზეიმო ღონისძიებები დასრულდება გალა კონცერტით ქ. ამბროლაურში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი, თეონა დვალი, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე , თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, ანზორ ხიდაშელი , გიორგი ცაგარელი და ანსამბლი „შვიდკაცა“. გალა-კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით “Check in Georgia”–ს ფარგლებში გაიმართება. შესრულდება ყველასათვის ცნობილი და საყვარელი საოპერო არიები და ქართველ ლეგენდარულ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
საღამოს გაუძღვებიან მსახიობი კახა მიქიაშვილი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
ღონისძიებები საქართველოს საპატრიარქოსა და ნიკორწმინდის ეპარქიის ორგანიზებით და რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქ. ამბროლაურისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართება.
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ინფორმაცია და ფოტო მასალა.