საქართველოს პარლამენტის წევრი ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე საკუთარ ფიესბუქ გვერდზე განცხადებას აკეთებს და ყველა ამომრჩეველს მადლობას უხდის.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. „ეხლა, როცა დაცხრა ჩემს გარშემო ვნებათაღელვა, იმედი მაქვს, აღარავინ დახარჯავს დროს და სახსრებს შეკვეთილი პროვოკაციების გამოსაქვეყნებლად. როგორც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, თავს მოვალედ ვთვლი, განვაცხადო, რომ არასოდეს ამ ოთხი წლის მანძილზე არ დამიყენებია საკუთარი ინტერესები ჩემი საყვარელი ტყიბულელების ინტერესებზე მაღლა. ხოლო სამი რამ, რაც გულით და კალმით, ასევე დეპუტატის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ვეცადე, მაგრამ არ გამოვიდა, გახლავთ: მეშახტეებისათვის საპენსიო ასაკის შემცირება (ოფიციალური შუამდგომლობა 2013 წელი), მძიმე და სიცოცხლისათვის საშიშ სამუშაოზე დასაქმებულთათვის განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმი და მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი ტყიბულისა და მისი სოფლებისათვის. მადლობა ყველა ამომრჩეველს განვლილი 4 წლისათვის, ერთგულების, ერთად ბრძოლისა და სიმამაცისათვის. ნებისმიერი პოზიციიდან ვიბრძოლებ, რომ ჩვენი საერთო ოცნებები რეალობად იქცეს“ ამბობს ელისო ჩაფიძე განცხდებაში.