რამდენიმე თვეა „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფს“ ახალი გენერალური დირექორი ჰყავს. ჩვენ შევხვდით გენერალურ დირექტორს ჯამბულ ჯაყელს და მას შახტაში არსებულ ვითარებაზე, მეშახტეთა შრომის პირობებზე და სამომავლო გეგმებზე გავესაუბრეთ, გთავზობთ მასთან ჩაწერილ ინტერვიუს უცვლელად:

– თქვენ უკვე რამდენიმე თვეა, რაც საქნახშირის გენერალურ დირექტორად დაინიშნეთ. ეს იყო კომპანიაში საკმაოდ რთული პერიოდის შემდეგ. რა ვითარება დაგხვდათ? რას ითხოვდა საწარმო, რა იყო სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხები?
– დიახ, გენერალურ დირექტორად დავინიშნე სწორედ მაშინ, როდესაც კომპანიამ გამოიარა საკმაოდ რთული დღეები. თებერვალში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად აჩვენა, რომ ხელმძღვანელობასა და მომუშავეთა შორის იყო გარკვეული პრობლემა არასათანადო კომუნიკაციის არსებობის კუთხით. ჯანდაცვის სამინისტროსა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიწერილობის თანახმად, აუცილებელი იყო სხვადასხვა ღონისძიებების გატარება.
– მოთხოვნები, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის მეშახტეებისგან, რომელიც დღეს მიგაჩნიათ მთავარ გამოწვევად და დირექტორის დღის წესრიგში არის მონიშნული მთავარ საკითხებად…
– დღეისათვის, ისე როგორც აქ დასაქმებული თითოეული ადამიანისათვის, ჩემთვის, როგორც ამ კომპანიის ხელმძღვანელისათვის, ყველაზე მთავარი გამოწვევა არის შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების პირობების მაქსიმალური დაცვა. ასევე, დასაქმებულები ითხოვდნენ შრომის ანაზღაურების მომატებას. აღნიშნული ფაქტი, მოგეხსენებათ, პირდაპირ კავშირში იყო საქართველოში გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრ ვარდნასთან.
– რა გაკეთდა მეშახტეთა შრომის უსაფრთხოებისთვის?
– ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შრომის უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების სწორხაზოვნად გატარება, რის გამოც ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა ისეთ სპეციფიურ სამუშაოებს, როგორიცაა სამთო გამონამუშევრების გადამაგრება, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დაცვა, სატრანსპორტო საშუალებების განახლება, მეშახტეთა აღჭურვა ინდივიდუალური დაცვის მოდერნიზებული საშუალებებით „თვითმაშველებით“ და სხვა მრავალი. ჩვენ ვაწარმოებთ უსაფრთხოების მუდმივ მონიტორინგს შახტის მიწისქვეშა გამონამუშევრებში მიმდინარე საწარმოო პროცესებზე. მიმდინარე წლის მარტში შპს ,,საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფ)“-ში შემოწმება ჩაატარეს სსიპ ,,ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სააგენტო“-სა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურმა კომისიებმა. მათ მიერ გაკეთებული დასკვნების საფუძველზე კომპანიას დასახული აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის გახორციელებაც უკვე წარმატებით მიმდინარეობს კომპანიის სხვადასხვა რგოლში (შრომის პირობების ინსპექტირების მიერ აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრა მოხდა 80%-ით). ყოველივე ეს მოითხოვს არამარტო გარკვეულ პერიოდს, არამედ საკმაოდ დიდ, როგორც მატერიალურ, ასევე ადამიანურ რესურსებს, თუმცა ჩვენთვის პრობლემებთან შეგუება დაუშვებელია.
– როგორც ვთქვით, თქვენ უკვე რამდენიმე თვეა საწარმოს ხელმძღვანელად დაინიშნეთ. რისი გაკეთება შეძელით? მთავარი სტრუქტურული, ადმინისტრაციული ცვლილებები, რაც გატარდა? როგორ დარეგულირდა დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის შრომითი ურთიერთობები?
– შემუშავდა ორგანიზაციის საჭიროებებზე აგებული ქმედითი სტრუქტურა, რომელიც უფრო მეტად მორგებულია კომპანიის ამოცანებზე, გარემო პირობებზე, შიდა რესურსებზე, პრიორიტეტებზე. 11 დირექტორიდან ახალი სტრუქტურის მიხედვით გვყავს 4 დირექტორი, დაქირავებულსა და დამქირავებლის შრომითი ურთიერთობები დარეგულირდა ახალი შინაგანაწესით და შრომითი ხელშკრულებით, რომელთა შექმნაზეც ერთობლივი ძალებით მუშაობდა კომპანიის იურიდიული სამსახური და საქართველოს პროფესიული კავშირების წარმომადგენლობა. ზრდის მიმართულებით დარეგულირდა მსგავს პროფესიებს შორის შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი. ამავდროულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ახალგაზრდა პერსპექტიული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ კარიერულ წინსვლაზე. ჩვენი მიზანია, უშუალოდ ჩვენს შახტაში დასაქმებული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ახალგაზრდა ნიჭიერი სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა, რათა დარგი გახდეს რეგიონში პერსპექტიული.
– თუ აქვს შახტაში დასაქმებულს სამედიცინო დაზღვევა და რა სახის მომსახურებას ითვალისწინებს ეს დაზღვევა?
– შპს ,,საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ კორპორატიული დაზღვევით აზღვევს ყველა დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
დასაქმებულებს საკუთარი სურვილისამებრ შეუძლიათ ასევე ისარგებლონ საოჯახო დაზღვევის პაკეტებით ოჯახის სტანდარტული (მეუღლე, შვილი) და არასტანდარტული (და, ძმა, დედა, მამა) წევრებისთვის.
საოჯახო პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში დასაქმებული:
• ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილებაში არჩევს შესაბამის სადაზღვევო პაკეტს;
• ავსებს განაცხადს;
• ოჯახის წევრების დაზღვევას ანაზღურებს თავად თანამშრომელი

იმ შემთხვევაში, როდესაც დაზღვეული პაციენტის წინაშე დგას სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობა, ის:
• რეკავს ცხელ ხაზზე : 5111
• ოპერატორის მეშვეობით ეწერება სასურველ საავადმყოფოში საჭირო სპეციალისტ(ებ)თან მიღებაზე;
• მომსახურების მიღება შეუძლია მისთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილზე.
ან:
• მიდის კონტრაქტორ კლინიკაში ოჯახის ექიმთან;
• სიმპტომების გაცნობის შემდეგ ოჯახის ექიმი აძლევს მიმართვებს შესაბამისი პროფილის ექიმებთნ ;
• პაციენტს მომსახურების მიღება შეუძლია მისთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილზე.
იმ შემთხვევაში, როცა დაზღვეულ პაციენტს უხდება ისარგებლოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით, შეტყობინებას აკეთებს ცხელ ხაზზე. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების თანამშრომელი კონკრეტული შემთხვევის შესახებ ურთიერთობს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებთან, რომ პაციენტს გაუადვილდეს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო ყველა სახის მომსახურების მიღება.
ცალკეული შემთხვევის სიმძიმიდან გამომდინარე, კომპანიას შეუძლია გამოიყენოს წინასწარ განსაზღვრული სარეზერვო ფონდი, რომელშიც არის კონკრეტული თანხა იმ დაავადებების/ოპერაციების მკურნალობის ანაზღაურებისთვის, რაც არ შედის დაზღვევის თავდაპირველი ხელშეკრულებაში არსებულ დაავადება/ოპერაციათა ჩამონათვალში.
იმ შემთხვევაში, როცა დაზღვეული/დაზღვეულის ოჯახის წევრი საკუთარი სურვილის მიხედვით ირჩევს არაკონტრაქტორ კლინიკას, ის ინახავს გამოყენებულ მომსახურებაში გადახდილი თანხის ამსახავ ყველა ჩეკს და „ფორმა 100“, რომელიც შეუძლია მიიტანოს სადაზღვევო კომპანიის სერვის-ცენტრში (მისამართი შეუძლია დააზუსტოს სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე). სადაზღვევოს წარმომადგენლის მიერ განხილვის შემდეგ, ხდება ჩეკების ნაღდი ფულით ანაზღაურება.
დაზღვეულებს სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლიათ 158 კლინიკაში ქვეყნის მასშტაბით და ასევე, თურქეთის 3 კლინიკაში. აფთიაქებში აქვთ სოლიდური ფასდაკლება მედიკამენტებზე. კომპანია ყოველთვიურად აზღვევს დაახლოებით 1500-მდე თანამშრომელს და მათ 304 ოჯახის წევრს.
ნებისმიერი საკითხის განხილვა და დაზღვევასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაციის მიღება დაზღვეულ თანამშრომელს (ან მისი ოჯახის წევრს) შეუძლია შპს ,,საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“-ს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილებაში.
– შახტა არის ჩვენს კუთხეში ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელი. ქალაქს განსაკუთრებით მძიმედ ახსოვს ის წლები, როცა შახტა გაჩერდა. არის მოსაზრება, რომ ეს უფრო სოციალური პროექტია. კომპანია გაცილებით ნაკლებ ადამიანურ რესურსს საჭიროებს, ვიდრე დღევანდელი მოცემულობაა. ეს თავის დროზე სახელმწიფოს პოლიტიკა და დამსაქმებლის სურვილი იყო. რა თანხას ტოვებს საქნახშირი რეგიონის ბიუჯეტში? რა თანხა შეაქვს კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში?
– საწარმო დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ კომპანია რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. კომპანია საქართველოში ქვანახშირის აქტივების ძირითადი მფლობელი და ერთადერთი მომპოვებელი კომპანიაა. შესაბამისად, დიდია მისი როლი ქალაქის განვითარებაში. სახელმწიფო ბიუჯეტში „საქნახშირი“ ყოველწლიურად საშუალოდ იხდის 11 000 000 ლარს. აქედან ადგილობრივ ბიუჯეტში რჩება 1 500 000 ლარი (ქონების და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი).
– რამდენ ტონა ქვანახშირს მოიპოვებს დღეს საწარმო?
– წელიწადში მოიპოვებს 320 000 ტონა ნახშირს, შესაბამისად თვეში გამოდის – 26 000 ტონა. საწარმო დღე-ღამეში მოიპოვებს 1000 ტონამდე ქვანახშირის.
– გასული წლების მოპოვებასთან შედარებით ბოლო პერიოდში ჩვეს კომპანიაში ქვანახშირის მოპოვება შემცირდა, რამ განაპირობა ეს, რა მიზეზები არსებობს?
– მოპოვების შემცირება განაპირობა არსებული სავალალო ეკონომიური მდგომარეობის შედეგად ბაზარზე ქვანახშირზე მოთხოვნის კლებამ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია ქვანახშირის საბაზრო ფასიც.
– ვინ არის მოპოვებული ქვანახშირის ძირითადი მომხმარებელი?
– მოპოვებული ქვანახშირის ძირითადი მომხმარებელია ჰადელბერგ ცემენტი.
– როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
– ჩვენთან დღეისათვის მოპოვება, სამთო გამონამუშევრების გაყვანა წარმოებს ბურღვა-ფეთქითი სამუშაოების წარმოების მეთოდით, რაც საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელია და აუცილებლად უნდა შევცვალოთ მექანიზირებულით. აქედან გამომდინარე – შეძენილია და შემოდგომაზე ჩამოვა ფუჭ ქანში მომუშავე გვირაბგამყვანი კომბაინი, რომლიც გამორიცხავს ბურღვა-ფეთქით სამუშაოებით ნახშირის მოპოვებას. გარდა ამისა, დამატებით შეძენილია ფუჭი ქანის დამტვირთავი მოდერნიზებული მანქანა. რაც შეეხება ქვანახშირის მექანიზირებულ მოპოვებას, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნახშირის ჭაბურღილების მეთოდით მომპოვებელი კომპლექსის დამზადებაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქარხნებში. აღნიშნული დაზგა სრულად გამორიცხავს ტყიბულის შახტებში ბურღვა-ფეთქითი სამუშაოების წარმოებას და მინიმუმამდე დაიყვანს ხელით შრომას.
გრძელვადიან პერსპექტივაში – მუშავდება ქვანახშირის ფენების ჰორიზონტალური დამუშავების მაღალმწარმოებლური მექანიზირებული კომპლექსის პროექტი.

თეონა ჯანელიძე
გიორგი სულაძე