“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 17 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს.

საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 3, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 4, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 8, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, სიძულვილის ენის გამოყენების 4, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილებების 7, საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის 3 ფაქტი.
ანგარიშში საუბარია იმ ძირითად ტენდენციებზე, რომლებიც მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა. მათ შორის ერთ-ერთი არის ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოიმატა საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებმა. ხოლო სამართალდამრღვევებს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ, რაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მოსყიდვის ფაქტებზე არაეფექტურ და არადროულ რეაგირებაზე მიუთითებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის შეხვედრებზე დასწრების მიზნით, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება, მმართველი პარტიის „რამდენიმე მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო ცვლილებები აქტიურად ხორციელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსით ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მხოლოდ 9 აგვისტოდან იკრძალება, მანამდე განხორციელებული ცვლილებებით ახალი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ მათი ამოქმედება ძირითადად საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა. ეს ფაქტები საარჩევნო კოდექსის დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ქმნის საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხეს“, – აცხადებს მიხეილ ბენიძე, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის ცვლილებისა და სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყების 7 ფაქტი დაფიქსირდა.
„სამართლიანი არჩევნები“ მონიტორინგის ანგარიშის შედეგად გამოვლენილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობებს, ცესკოს, საარჩევნო სუბიექტებსა და უწყებათაშორის კომისიას რეკომენდაციებით მიმართავს.
„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიან დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 68 დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.
ორგანიზაციის კვლევის ანგარიშში ტყიბულის მუნიციპალიტეტში გამოვლენილ დარღვევაზეც არის საუბარი,რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მოიცავს.
„ტყიბულში 4 აგვისტოს სოფელ საწირის სკოლის ფეხბურთის სტადიონზე გაიმართა ფინალური შეხვედრა მინი ფეხბურთში. ჩემპიონატის მთავარი ორგანიზატორი იყო ტყიბულის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს „ახალგაზრდულმა საკრებულომ“ და იმერეთის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ“.ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი-რობიზონ გვენეტაძე, გამგებლის მოადგილე-გიორგი ლომთაძე,საკრებულოს თაჯდომარე-თამაზ კუბლაშვილი, თვითმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები,“იმერეთის ფეხბურთის ფედარაციისა“და იმერეთის ახალგაზრდული ასოციაციის“ წარმომადგენლები,გულშემატკივრები და ასევე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე. თამაშის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს მიულოცეს და გადასცეს საჩუქრები.დეპუტატობის კანდიდატმაც მიულოცა გამარჯვებულებს და სიტყვით მიმართა, რაც აგიტაციის ნიშნებს შეიცავდა.
საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის 7-ე პუნქტის თანხმად ,აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმართველი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარცევნო აგიტაციის გაწევა. ამგვარ ღონისძიებაზე კანდიდატის მიერ აგიტაციის გაწევა ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად.“ ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ კვლევის ანგარიშში.
“სამართლიანი არჩევნების” კვლევის სრული ანგარიშის ნახვა შეგიძლიათ ორგანიზაციის ვებგვერდზე www.isfed.ge