ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალმა „ტყიბული 2016“-მა სტარტი აიღო. ფესტივალი ტყიბულში წელს უკვე მერვედ ტარდება.

       მასში მონაწილეობას საქართველოს 11 სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული 79-მდე ნორჩი მოჭადრაკე იღებს. ტყიბულის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელებთან ერთად ტურნირში ორპირის საჭადრაკო ჯგუფის მოჭადრაკეებიც ასპარეზობენ.
შეჯიბრება 4 ასაკობრივ ჯგუფში – რვა, ათ, თორმეტ და თექვსმეტ წლამდე ვაჟებსა და გოგონებს შორის გაიმართება. თამაშები ძირითადად შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად ჩატარდება. ტურნირზე წრიული სისტემით გაიმართება თამაშები მხოლოდ ორ ასაკობრივ ჯგუფში, 8 და 12 წლიან გოგონებში.
საჭადრაკო ფესტივალი ტყიბულში 28 აგვისტომდე გაგრძელდება. ტურნირის გამარჯვებულები და მათი მწვრთნელები ტრადიციულად ფულად ჯილდოსთან ერთად შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

თეონა ჯანელიძე