პოლიტიკური პლატფორმა ”პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების სიას აქვეყნებს.

ხობში პარტიის კანდიდატი იქნება კახაბერ ნადარია. პარტიის ინფორმაციით, ნადარია პროფესიით ეკონომისტია, არის ბიზნესმენი, ხობის ყოფილი რწმუნებული, საკრებულოს ყოფილი მაჟორიტარი,

მარტვილი – აბაშაში „სახელმწიფო ხალხისთვის კანდიდატი“ იქნება დავით თოფურია. იგი 2010-2014 წლებში საკრებულოს თავმჯდომარე იყო აბაშის მუნიციპალიტეტში. არის საღვთისმეტყველო საგნების სპეციალისტი.

ლანჩხუთსა და ჩოხატაურში პარტიის კანდიდატი იქნება გურამ ჩალაგაშვილი. ის იყო ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, პროფესიით იურისტი. პარტიის ინფორმაციით, ჩალაგაშვილი პირობას დებს, რომ დაასრულებს დაწყებულ საქმეს და მოამარაგებს ადგილობრივებს ბუნებრივი აირით.

ქუთაისის პირველ ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ამირან ხვადგიანი. იგი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ქუთაისის საპატიო მოქალაქეა.

ქუთაისის მეორე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია თემურ ცამციშვილი. პარტიის ინფორმაციით, ის არის ძირძველი ქუთაისელი, აქტიური ახალგაზრდა, კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის კარგი გამოცდილებით.

ქუთაისის მესამე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია ზვიად ბაღდავაძე, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. გარკვეული პერიოდი მუშაობდა ქუთაისის მერიაშიც.

წალენჯიხა- ჩხოროწყუში პარტიის კანდიდატი გიორგ ხარჩილავაა, რომელიც 1995-1998 წლებში იყო წალენჯიხის მერი, გამგებელი, ასევე გახლდათ საკრებულოს თავმჯდომარე. არის ოქროს მედალოსანი, რომელიც პარტიის ცნობით, უფასოდ წვრთნის ბავშვებს.

ფოთი-ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატია კოტე კემულარია, რომელიც იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს ელჩი რუსეთში და პარლამენტის წევრი. პარტიაში აცხადებენ, რომ კემულარია ღირსეული პიროვნებაა, რომელიც 2-ჯერ იყო იუსტიციის მინისტრი.
სამტრედიაში პარტიის კანდიდატი იქნება პაატა მანჯგალაძე. იგი პროფესიით იურისტი, დოქტორანტია, იყო პარლამენტის იურიდიული სამსახურის აპარატის უფროსი, კონსტიტუციონალისტი, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერია. პარტიის ინფორმაციით, მისი დახმარებით 1 800-მა სტუდენტმა პარლამენტში სტაჟირება გაიარა.

თერჯოლა- ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი გვენეტაძეა. პარტიაში აცხადებენ, რომ ის წარმატებული ბიზნესმენი და ქველმოქმედია, პარტიის ცნობით, მას ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის.

ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატია ნიკა ქავთარაძე. პარტიაში აცხადებენ, რომ ქავთარაძე არის ყველასთვის კარგად ნაცნობი ადამიანი, ზესტაფონელი, რომელსაც ნამდვილად არ აკლია ხალხის სიყვარული, ადამიანი რომელმაც იცის თითოეული ზესტაფონელის გასაჭირი.
ზუგდიდის მეორე ოლქში პარტიის კანდიდატი იქნება ბესარიონ თოდუა. იგი 1995-2005 წლებში მუშაობდა საოლქო საგადასახადო ინსპექციაში. იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი. პროფესიით არის იურისტი და ინჟინერ-ეკონომისტი.

ზუგდიდის პირველ ოლქში იბრძოლებს ვახტანგ ცხადაია. ის ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი წევრია, იყო სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილე. პროფესიით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსია.

სენაკში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია გურამ მისაბიშვილი. იგი სენაკის ყოფილი გამგებელია, იყო სამეგრელო ზემო-სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და პარლამენტის წევრი.

საჩხერეში პარტიის კანდიდატი იქნება გიორგი სამხარაძე. იგი იყო საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავმჯდომარე, გამგებლის მოადგილე, პროფესიით ეკონომისტია.

ვანი-ხონში პარტიის კანდიდატია მელორ ტყეშელაშვილი.

ოზურგეთში „სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი ზაზა მამულაშვილი იქნება. ის პროფესიით იურისტი, თეოლოგია. მუშაობდა საპატრიარქოში საგარეო მიმარულებით.

ხარაგაულში პარტიის კანდიდატი იქნება გიგა გლუნჩაძე, რომელიც 2008-2010 წლებში იყო ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში და თბილისის მერიაში. პარტიის ცნობით, არის ორი ყველაზე წარმატებული პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ და „სახელმწიფო სამი ნულის“ ავტორი და ხელმძღვანელი.

ცაგერი- ამბროლაური- ონი- ლეენტეხი-მესტიაში პარტიის კანდიდატია როსტომ ცხვედიანი. მას აქვს ქირურგად მუშაობის 44-წლიანი გამოცდილება. ამ ხნის განმავლობაში მას 5000-მდე ოპერაცია აქვს ჩატარებული და პარტიის ინფორმაციით, გადარჩენილი ჰყავს უამრავი ადამიანი.

წყალტუბოში პარტიამ კონსტანტინე სანებლიძე წარადგინა, რომელიც მათივე ინფორმაციით, წლების გამავლობაში მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში. პროფესიით ფარმაცევტია.

ჭიათურაში პარტიამ თემურ გვალიას კანდიდატურა წარადგინა. მათივე ცნობით, გვალია საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია. იგი პროფესიით არის სამთო – ინჟინერი, იურისტი.