ტყიბულელი მოსწავლეები სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრნენ

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ფილიალის მიერ ხორციელდება და მას მხარს უჭერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

პროგრამა ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის (15-17 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით. პროგრამა არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა, რომელიც სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. მისი უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა.
რადგან მსოფლიო უფრო კონკურენტუნარიანი ხდება, ორივე ამერიკელმა და ევრაზიელმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რაც შეიძლება მეტი ერთმანეთზე, სხვა ხალხსა და ერებზე. ამ შესაძლებლობას საუკეთესოდ მასპინძელი ოჯახური სიტუაცია იძლევა. FLEX-ის მოსწავლეები ახალგაზრდა ელჩები არიან, რომლებიც ამერიკელებს ასწავლიან ევრაზიული ქვეყნების ხალხისა და კულტურის შესახებ. მოსწავლეები აფასებენ, უფრო მეტად მგრძნობიარეები ხდებიან სხვა კულტურების მიმართ და უკეთ ემზადებიან მზარდი, დამოუკიდებელი სამყაროსთვის. ეს სარგებელი ვრცელდება მათ ამერიკელ თანატოლებზე და მათი მასპინძელი საზოგადოების სხვა ადმიანებზეც. სტუდენტები ამყარებენ მჭიდრო კავშირებს თავიანთ მასპინძელ ამერიკელ ოჯახებთან და ამერიკულ საზოგადოებასთან, ეს ურთიერთობა კი ხშირად ცხოვრების ბოლომდე გრძელდება.
უკვე ოცდამესამე წლიწადია, რაც FLEX-ის გაცვლითმა პროგრამამ დაფინანსება გაუწია 23, 000 საშუალო სკოლის მოსწავლეს. 2015-2016 წელს 80 ქართველი სტუდენტი ჩაირიცხა ამერიკაში FLEX-ის პროგრამის ფარგლებში, მათ შორის არიან ტყიბულის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეები: გიორგი კაკაბაძე, ანი კახიძე და ლილე გაბადაძე.
გიორგი კაკაბაძე: “ერთი წელი ოჰაიოს შტატის დედაქალაქში ვიცხოვრებ. უკვე ცნობილია ჩემთვის, რომ მხოლოდ მასპინძელი მამა მეყოლება ოჯახში. დიდი ხნის წინ შევიტყვე ამ პროექტის შესახებ. ყოველთვის მინდოდა კონკურსში მონაწილეობის მიღება და გამარჯვება, თუნდაც იმიტომ რომ ერთი წელი ამერიკაში ცხოვრობ, ეცნობი იქაურ კულტურას და ყოველდღიურ ცხოვრებას, ეჩვევი და იზიარებ. ამასთან ერთად თავადაც უზიარებ მათ ქართულ ღირებულებებსა და ტრადიციებს. ამის გარდა, იქიდან ჩამოსული სტუდენტები ძალიან დიდი შესაძლებლობებით სარგებლობენ, რადგან FLEX-ი არის შესაძლებლობების ერთობლიობა”.
ანი კახიძე: “დიდი სურვილი მქონდა, ვაშინგტონში მეცხოვრა, თუმცა მის სამხრეთით, ორეგონის შტატში მოვხვდი. საკმაოდ მრავალფეროვანი ოჯახი მიმასპინძლებს. მყავს დედა, რომელიც ფერადკანიანია, მამა არის ევროპეიდი და ჩემი უმცროსი და კი შესაბამისად მულატია. პროფესიებიც უცნაური აქვთ, დედა ყურის ექიმია, პარალელურად მოცეკვავე და მომღერალია. მამა კი მოსწავლეა, ამავდროულად სამხედრო პირი არის სამშვიდობო მისიებში. პატარა და კი 7 წლისაა, ზუსტად იმ ასაკის, რამდენივეც ჩემმი ღვიძლი ძმაა.
FLEX-ი ჩემთვის ერთის მხრივ არის ახალი ოჯახი, ის არ არის ამერიკაში გატარებული მხოლოდ ერთი წელი. როცა იქიდან ჩამოდიხარ, სწორედ მაშინ იწყება ვალდებულებების და მოვალეობების წელი, პარალელურად გაქვს შესაძლებლობების ზღვა, რომლის გამოყენების საშუალებაც გაქვს. FLEX-ი არის საკმაოდ დიდი გამოცდილება ნებისმიერისთვის. ჯერ არ წავსულვარ ამერიკაში და უკვე ბევრი რამ ვისწავლე, მათ შორის დამოუკიდებელი ურთიერთობები თუნდაც ჩემს კოორდინატორთან. ჩემთვის FLEX-ი სამი ეტაპია: ამერიკამდე, ამერიკაში ყოფნის ერთი წელი და შემდეგ ცხოვრების მანძილზე FLEX-ის ოჯახის სტატუსი.
მე მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებს თანადგომისთვის. სამივე კონკურსანტის სახელით ასევე მადლობა მინდა ვუთხრა, `ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდს~, რადგან გასაუბრებაზე ნაამბობი 70% აქტივობების ამ ორგანიზაციას ეხებოდა და ამიტომ არ შეგვიძლია მადლიერება არ გამოვხატოთ ბატონი ზაზა გოჩელაშვილისა და დანიელ ვიდერის მიმართ. აგრეთვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი სკოლის ამერიკელ მოხალისეს ბრუს და მშვიდობის კორპუსს, რომ ასეთი საინტერესო პრორამა შექმნეს”.
ლილე გაბადაძე: “FLEX-ზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, თუმცა, შევეცდები ყველაფერი მოკლედ, ლაკონიურად და გასაგებად ვთქვა. იყო FLEX-ის მოსწავლე, მართლაც ძალიან მაგარი გრძნობაა. FLEX-ი ეს გამოწვევები, დაუვიწყარი თავგადასავალი და შესანიშნავი გამოცდილებაა. ერთი წელი არც ისე ცოტაა ცოდნის გასაღრმავებლად და ახალი ცხოვრების დასაწყისად.
მე ოჰაიოში, ძალიან კარგ ოჯახში მოვხვდი, რომლებიც ასე ვთქვათ გამოცდილი მოხალისეები არიან. მათთვის მეშვიდე გაცვლითი მოსწავლე ვარ და კონტაქტი სოციალური ქსელებით დიდი ხანია მაქვს.
ბედნიერი ვარ, მომეცა შანსი მერქვას FLEX-ელი, რომელიც ჩემი ოცნება სულ იყო. რაც ყველაზე მთავარია, ერთი წლის შემდეგ, გარდა ცოდნისა და დაუვიწყარი მოგზაურობისა, გრჩება უამრავი მეგობარი და ოჯახი ოკეანის მიღმა.
FLEX-ი არ გთხოვს, ინგლისურის მაღალ დონეს ფლობდე, მათთვის მთავარია იყო გულწრფელი და აჩვენო თუ როგორი ხარ სინამდვილეში.
ხშირად ვამბობ, ძალიან მიყვარს ეს სიტყვები, რომელიც ზუსტად შეეფერება ჩემს მდგომარეობას. “exchange isn’t a year in your life, it’s a life in a year” (გაცვლითი წელი არ არის ერთ წელი შენს ცხოვრებაში, ეს ცხოვრებაა ერთ წელიწადში) ახალი ცხოვრების დასაწყებად”.

თეონა ჯანელიძე