22 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა (TDDF) მშვიდობის კორპუსის მე-15 და მე-16 ჯგუფების მოხალისეებთან ერთად ურეკში BUILD საქართველოს ბანაკს უმასპინძლა.

ბანაკი გაიმართა პროექტის „ბიჭების გაერთიანება ლიდერობის განვითარებისათვის“ ფარგლებში. პროექტი დააფინანსა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.
BUILD-საქართველოს ხედვაა, რომ ახალგაზრდა ბიჭები გახდნენ ეფექტური ლიდერები და ცვლილების აგენტები საკუთარ თემებში, ხოლო მისიაა დაეხმაროს ახალგაზრდა ბიჭებს იმ უნარ–ჩვევებისა და ცოდნის შეძენაში, რომლითაც ისინი დადებით გავლენას მოახდენენ მათ თემებსა და მთლიანად საქართველოში.
BUILD-საქართველოს ბანაკი უკვე მეორე წელია იმართება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF)“ წელს გახდა ბანაკის მასპინძელი და პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, იგეგმება მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს BUILD-საქართველოსთან თანამშრომლობა.
ბანაკში ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მაშტაბით 50-მდე ბიჭმა მიიღო მონაწილეობა. ბანაკის ქართველი ტრენერების დახმარებით, ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს ლიდერობაზე, მიზნის დასახვაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, გენდერულ თანასწორობაზე, მოხალისეობაზე, დასაქმებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებზე და თემში დადებითი ცვლილებების მოხდენაზე. ბანაკის ფარგლებში, ბიჭებმა ასევე მიიღეს მოხალისეობრივი საქმიანობის ღირებული გამოცდილება ლანჩხუთის სოციალურად დაუცველთა სახლში.
ბანაკის მონაწილეები უკვე დაუბრუნდნენ თავიანთ თემებს და და დაიწყეს ადგილობრივი პროექტების დაგეგმვა.