„ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი TDDF“, ახალგაზრდებს იწვევს „ახალგაზრდების უფლებებით აღჭურვის პროგრამაში“ მონაწილების მისაღებად. ახალგაზრდული პროგრამის მისიაა -„ მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ახალგაზრდების საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და სოციალური უნარების განვითარებას“.

პროგრამა მოიცავს რამდენიმე სასწავლო კურსს:

1. უნივერსიტეტისათვის მოსამზადებელი კურსი;
კურსის მიზანია ახალგაზრდები მოემზადონ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, გააზრებულად მიიღონ გადაწყვეტილებები სასწავლო სპეციალობისა და სხვა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხებზე.

2. სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლა;
სკოლის მიზანია ახალგაზრდებმა მიიღონ კომპლექსური სამართლებრივი ცოდნა, ხელი შევუწყოთ მათ ჩამოყალიბებას მაღალი სამართლებრივი კულტრის მქონე კანონმორჩილი მოქალაქეებად და საზოგადოების აქტიური წევრებად.

3. ინგლისურენოვანი სასაუბრო კლუბი;
კლუბის ძირითადი მიზანია გავაუმჯობესოთ ადგილობრივი ახალგაზრდების პრაქტიკული ენობრივი და სასაუბრო შესაძლებლობები.

4. ახალგაზრდული საბჭო;
ახალგაზრდული საბჭოს მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს იმ შესაძლებლობების გაზრდასა და ახალი უნარ-ჩვევების შეძენაში, რაც მათ აქცევს აქტიურ მოქალაქეებად და მისცემს მოხალისეობრივი საქმიანობის გამოცდილებას.

5. ახალგაზრდული კლუბი;
ახალგაზრდული კლუბის მიზანია განვავითაროთ ახალგაზრდებში სოციალური უნარები, ხელი შევუწყოთ მათში ლიდერების ჩამოყალიბებას, ადრეული ასაკიდან არაფორმალური განათლების ინსტრუმენტების გამოყენებითა და კეთებით.

ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი TDDF არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2006 წელს, ჩეხური ორგანიზაცია PIN (people in need – ადამიანი გაჭირვებაში) მიერ. დაფუძნების დღიდან ვმუშაობთ, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ საზოგადოების განვითარებას სხვადასხვა სფეროში. ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსების საშუალებით 1500-მდე ბენეფიციარმა აიმაღლა აქტიური მოქალაქეობის, ლიდერობის, ენობრივი და კომპიუტერული უნარები. განხორციელებული პროექტების ფარგლებში 50-ზე მეტი მცირე გრანტი გაიცა მეწარმეობის განვითარების, სოციოლოგიურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესებისა და მოზარდთა საგანმანათლებლო განვითარებისათვის. ამასთანავე, ჩვენ აქტიურად მხარს ვუჭერთ გარემოს დაცვას, ქალთა ლიდერობას და ადგილობრივი ახალგაზრდების საგანმანათლებლო პროგრესს. ჩვენი მისიის ფარგლებში ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენ ჩართულნი ვართ ევროპულ მოხალისეთა სერვისსა European Volunteer Service (EVS) და შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსის პროგრამაში (Peace Corps Program). აღნიშნული ხელს გვიწყობს ადამიანური რესურსებით, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი ორგანიზაციის შესაძლებლობები და ზოგადად, ადგილობრივი საზოგადოების განვითარების დონე.აცხადებენ „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში“

სასწავლო პროგრამებით დაინტერესებულთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“ს ოფისში, ხუთშაბათს 6 ოქტომბერს 16.00 საათზე, გელათის ქN20/18 . სადაც მიიღებთ პასუხებს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.