თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ოთარ კახიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.სადაც აჯამეს არჩევნების მიმდინარეობას, მადლობას უხდის საკუთარ ამომრჩევლებს და შტაბის წევრებს. წარმატებას უსურვებს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის გამარჯვებულ კანდიდატს.

ოთარ კახიძის განცხადებს უცვლელად გთავაზობთ. –
„ როგორც იცით, ვმონაწილეობდი მაჟორიტარულ არჩევნებში თერჯოლა-ტყიბულის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. მოკლედ მინდა შევაჯამო არჩევნების მიმდინარეობა და შედეგი.

პირველ რიგში, უღრმეს მადლობას ვუხდი თერჯოლა-ტყიბულში ჩვენ ამომრჩევლებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. 9286 მოქალაქე (30.66%) მოვიდა და ნდობა გამომიცხადა. ეს ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.

მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩემ შტაბებს თერჯოლასა და ტყიბულში. ჩვენ ერთად დავდეთ შესაძლებლობის მაქსიმუმი. მოვიარეთ ყველა თემი, უბანი და კორპუსი, ამომრჩევლებს გავაცანით ჩვენი გეგმა, ხედვა, მოსაზრებები.

ჩვენი შტაბის წევრები არიან – ჭკვიანი, მშრომელი, წესიერი და ქვეყნისთვის მართლა გულანთებული ადამიანები. მათი სახით, შევიძინე ახალი სამეგობრო, რომელთან ურთიერთობაც ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემ ოლქში წინასაარჩევნო პროცესმა ჩაიარა პოზიტიურ, მშვიდ და კონკურენტულ გარემოში. ძირითად ოპონენტებს ერთმანეთზე ცუდი არ დაგვცდენია და ვაწარმოეთ ჯენტლმენური კამპანია.

კენჭისყრის დღემ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქართული ოცნების კანდიდატს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს თერჯოლისა და ტყიბულის ინტერესები ხელისუფლებაში. ამ ორ რაიონში არსებული მძიმე სოციალური ფონისა და პრობლემების გათვალისწინებით, ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ყველა კეთილ საქმეში მინდა მას წარმატება ვუსურვო.

და ბოლოს – ცხოვრება და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება, ყველაფერი წინ არის“.აცხადებს ოთარ კახიძე.