საქართველოს დამოუკიდებლობის დღისათვის ქალაქ ინეგოლიდან ჩამოსულმა სტუმრებმა მათი ვიზიტის მეორე დღეს ტყიბული დაათვალიერეს. ანსამბლ “ჩვენებურების” მოცეკვავეები ტყიბულის სამხატვრო სკოლაშიც იმყოფებოდნენ და იქ გამოფენილი ნამუშევრები ნახეს. სკოლის დირექტორმა მირზა ჭელიშვილმა მათ ყველა საკლასო ოთახი აჩვენა და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. იქ გამოფენილი ნახატები შეაფასა ასევე ინეგოლის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ ომარ მიქელაძემაც. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მან პირადად დაათვალიერა სამხატვრო სკოლა და იქ არსებული საგამოფენო დარბაზი. სამხატვრო სკოლის სახელით მას სამახსოვროდ პეიზაჟის ტილოც გადასცეს საჩუქრად.
ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ ამ დღეს ასევე დაათვალიერა ქალაქის ცენტრი, რის შემდეგაც ის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას ესტუმრა, სადაც მას მასპინძლობა საკრებულოს თავმჯდომარემ გაუწია. გოდერძი ცნობილაძემ ომარ მიქელაძეს სუვენირის სახით მცირე საჩუქრიც უსახსოვრა.
ანსამბლ “ჩვენებურების” წევრები და მათთან ერთან ჩამოსული სხვა სტუმრები ამ დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ასევე ხელოვნების სკოლასა და ქორეოგრაფიულ სტუდიაშიც იმყოფებოდნენ. ტყიბულელმა და ინეგოლიდან ჩამოსულმა მოცეკვავეებმა ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. თურქეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ჩვენი ქალაქი დღის მეორე ნახევარში დიდი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დატოვეს.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *