საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ-ის) პრეზიდენტი მაია კობახიძე პედაგოგებისადმი მიმართვას აქვეყნებს,რომელსაც”ოკრიბანიუსი” უცვლელად გთავაზობთ.

„ძვირფასო კოლეგებო,როგორც თქვენთვის ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა შეასრულა თავისი დაპირება ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემის ნაწილობრივ შეცვლასთან დაკავშირებით: გაუქმდა გამოცდის ბარიერი; გაიზარდა აქტივობების ჩამონათვალი და, რაც მთავარია, ამ აქტივობებს შორის ბევრი ისეთი აქტივობა გამოჩნდა, რომელიც უშუალოდ სწავლა/სწავლების პროცესს უკავშირდება. პრინციპული ცვლილება კი ის არის, რომ გაუქმდა ნორმა, რომლის მიხედვით, მასწავლებელი პროფესიიდან გავიდოდა და მასთან შეწყდებოდა შრომითი ურთიერთობა, თუ ვერ გადალახავდა ბარიერს საგნობრივ გამოცდაზე, სქემის ამოქმედებიდან 3 წელიწადში (2018 წლამდე). შესაბამისად, რჩება პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა.

,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემაში შესატანი ცვლილებები განვიხილეთ სახელმწიფო კომისიის რამდენიმე სხდომაზე და მიღებულია საბოლოო ვარიანტი, რომელიც წარდგენილია საქართველოს მთავრობაში დასამტკიცებლად. სქემაში შესატანი ცვლილებების თაობაზე გაჟღერებულმა ინფორმაციამ, როგორც ყოველთვის, აჟიოტაჟი გამოიწვია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. პედაგოგთა ინტერესების ე. წ. დამცველები კრიტიკულად აფასებენ სქემაში შეტანილ ცვლილებებს და გამოითქვა ისეთი მოსაზრებებიც, რომ საგამოცდო ბარიერის გაუქმება და მის ნაცვლად კრედიტქულების დაგროვების სისტემის შემოღება უარყოფითად იმოქმედებს, როგორც სწავლების ხარისხზე, ასევე პედაგოგთა კომპეტენციის დადასტურების საბოლოო შედეგებზე.

ჩვენდა გასაოცრად, იყო ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები: კრიტიკოსები არ ეთანხმებიან ახალ ცვლილებებს იმ მოტივით, რომ იგი ბარიერებს ქმნის მასწავლებელთა მასობრივი გათავისუფლებებისათვის, ან, იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი ვერ შეძლებს სავალდებულო აქტივობების განხორციელებას და ვერ დააგროვებს კრედიტქულებს, იგი არ უნდა გათავისუფლდეს სკოლიდან. ზოგიერთმა ეჭვქვეშ დააყენა უფროსი მასწავლებლის სტატუსის დანამატის ზრდის საკითხი და სხვა. ერთი სიტყვით, მიმდინარეობს მცდელობა გარდაუვალი ცვლილებების პროექტის დისკრედიტაციისათვის და შეტევა იმ ტიპის სიახლეზე, რაც ძირითადად ითვალისწინებს პრაქტიკოსი პედაგოგის მხარდაჭერასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

რატომ ხდება ეს, ვფიქრობთ ამის ახსნა თქვენ არ გჭირდებათ.
ბუნებრივია კითხვა, სულ ერთი წლის წინ მიღებულ დოკუმენტში რატომ გახდა აუცილებელი ცვლილებების შეტანა?

ალბათ, პედაგოგებს გახსოვთ ჩვენი პოზიცია 2015 წლის თებერვალში მიღებულ სქემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაცხადებდით, რომ პედაგოგთა პროფესიული უფლებების დაცვის თვალსაზრისით, წინამორბედ აქტთან შედარებით, ეს სქემა წინგადადგმული სასიკეთო ნაბიჯია, ვინაიდან, 2010 წელს დაწყებულმა პედაგოგთა სერტიფიცირებამ ვერ შეაფასა მასწავლებლის ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული საქმიანობა, გამოიწვია პედაგოგთა ავტორიტეტის შელახვა და რაც მთავარია, 2015 წლის 1 იანვრიდან 45 000-ზე მეტ პედაგოგს უნდა ჩამორთმეოდა მასწავლებლობის უფლება. 2015 წელს, ახალი სქემის ამოქმედებამდე, მისი განხილვა მოვაწყვეთ თითქმის ყველა რაიონში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენმა წევრმა 30 000-მდე პედაგოგმა და დაეთანხმნენ ჩვენს პოზიციას. ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ სქემის ამოქმედების პროცესში, ბუნებრივია გამოვლინდებოდა ნაკლოვანებები, რომლის საფუძველზეც, სამომავლოდ დღის წესრიგში დადგებოდა საკითხი სქემის დახვეწის თაობაზე. ახალი სქემის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოვხატეთ იმ ნაწილში, რომ სქემა არ ითვალისწინებდა პედაგოგთა გადამზადების სისტემას. ჩვენი მოთხოვნით, ყოველ გამოცდას წინ უნდა უსწრებდეს გადამზადების პროცესი და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პედაგოგები ინტენსიური გადამზადებით.

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2015-2016 სასწავლო წელი გამოცხადდა პილოტირების წელიწადად. პედაგოგები, სქემის ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში, საკუთარ შეხედულებებს გამოხატავდით სხვადასხვა სახის შეხვედრებზე. სქემასთან დაკავშირებული თქვენი კრიტიკული შენიშვნები და მოსაზრებები გამოითქვა განათლების მინისტრთან, პროფკავშირის ეგიდით ჩატარებულ პედაგოგთა საგნობრივ კონფერენციებზე.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მივესალმებით განათლების მინისტრის და სამინისტროს მიდგომას პედაგოგთა მოთხოვნებისა და შენიშვნებისადმი, რის შესაბამისადაც უმოკლეს პერიოდში მომზადდა ნორმატიული აქტი ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემაში ცვლილებების განხორციელების მიზნით. სახელმწიფო კომისიამ იმსჯელა სქემის სავალდებულო ცვლილებების თაობაზე და პროექტი წარდგენილია საქართველოს მთავრობაში დასამტკიცებლად.

მე, როგორც პედაგოგთა ინტერესების წარმომადგენელს და სახელმწიფო კომისიის წევრს, მიმაჩნია, რომ ეს დოკუმენტი წინგადადგმული ნაბიჯია პედაგოგის პროფესიული ღირსების დაცვისა და ავტორიტეტის ამაღლების მიმართულებით. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ დოკუმენტი იდეალურია და იგი შემდგომ ცვლილებებს აღარ საჭიროებს. ალბათ, სასურველი იქნებოდა პროექტი ჯერ განგვეხილა პედაგოგთა ფართო ჩართულობით, მაგრამ ამასაც აქვს ობიექტური მიზეზი-პროცესი დროში გაიწელებოდა, რაც შეაფერხებდა გარდაუვალ ცვლილებებს.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი გამოვთქვამთ მზადყოფნას გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობის პრაქტიკა, პროექტების ერთობლივად განვიხილვის მიმართულებით.
იმედს გამოვთქვამთ, არ აყვებით გამოუქვეყნებელი დოკუმენტის ანტიპროპაგანდას.
პატივისცემით მაია კობახიძე,სპმთპ-ის პრეზიდენტი.“