დიდთოვლიანობის გამო მუნიციპალიტეტში შექმნილი პრობლემების შესახებ, ტყიბულის გამგეობა ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ –

„ტყიბულის მუნიციპალიტეტს დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურ ყურადღებას იჩენს მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა სოფლის მიმართ და არსებული რესურსის გამოყენებით ატარებს შესაბამის ღონისძიებებს დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად.

საათობრივად იღებს ინფორმაციებს ადმინისტრაციული ერთეულებიდან და მათ შორის კარგად იცნობს სოფელ მუხურაში არსებულ ვითრებას. მოგეხსენებათ სოფელ მუხურის მთაზე თოვლის საფარმა 5 მეტრს გადააჭარბა, ვინაიდან მუხურის მთისთვის ნამქერი დამახასიათებელია და შესაძლებლია ახლადგაწმენდილ გზაზე ერთ სააათში იგივე მდგომარეობა შეიქმნას, ამან გამოიწვია ტყიბულის მხრიდან სოფლის გზის ჩაკეტვა. თუმცა სოფელი ნამდვილად არ არის მოწყვეტილი გარე სამყაროს, სწორედ იმის გამო რომ სოფლისთვის დამახასიათებელი რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, გასულ წელს მუნიციპალიტეტმა მოახდინა თერჯოლის მხრიდან ათეული წლების მანძილზე უფუნქციოდ დარჩენილი მუხურის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია, რათა ადგილობრივებს ჰქონოდათ შესაძლებლობა რაიონულ ცენტრებთან დაკავშირების.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამგებლის პირველი მოადგილე რამდენიმე დღის წინ ადგილზე პირადად იმყოფებოდა და გაეცნო სოფელში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს.
დღეს ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“-ს დახმარებით მობილიზებულია მძლავრი თოვლწმენდი მექანიზმი, მექანიზატორები, მუშახელი და დაიწყება მუხურა- ტყიბულის გზის გაწმენდა, მათ შორის გაიწმინდება სოფლის შიდა საუბნო გზები.

რაც შეეხება ქალაქს, გაწმენდილია როგორც ცენტრალური ისე საუბნო გზები და შეუფერხებლადაა შესაძლებელი ტრანსპორტით გადაადგილება. სოფლების უმეტესი ნაწილიც გაწმენდილია. გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარებს, ბუეთში, ძმუისში, ხრესილში, დაბაძველში, წყალწითელასა და ახალდაბაში” ნათქვამია გამგეობის განცხადებაში.
.