საქართველოს პარლამენტის წევრმა, თერჯოლა – ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ 3 თებერვალს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი აქვეყნებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გამგებლის მოადგილეებთან, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა, რომელსაც დეპუტატის ბიუროს წევრებიც ესწრებოდნენ დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა და ყურადღება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იქნა გამახვილებული.

დეპუტატი შეკრებილებს მომავალ გეგმებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ტყიბულის ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე ესაუბრა. აღნიშნა, რომ ტურისტული თვალსაზრისით მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია ცხრაჯვარზე, ცუცხვათისა და ახალსოფლის ტბის მიმდებარედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ელგუჯა გოცირიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ მჭიდრო, გამჭვირვალე და საქმიანი თანამშრომლობა შესთავაზა. ასევე ისაუბრა სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ მუშაობს მაღალმთიანი სტატუსის მინიჭების საკითხზე“.ნათქვამია გამგეობის განცხადებაში.