საქართველოს პარლამენტის წევრმა, თერჯოლა – ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ თერჯოლაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ინფორმაციას შეხვედრის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ – „თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებს, გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა.
ელგუჯა გოცირიძესთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მხეიძე.

დეპუტატმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტები განიხილა და მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა თერჯოლასა და ტყიბულში ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე და აღინიშნა, რომ ამ კუთხით იგეგმება ცხრაჯვარის, ქადაგიძის რაფის, ნავენახევის, ძევრის, გოგნის უდაბნოს ტურისტული თვალსაზრისით დატვირთვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. დეპუტატი საბიუჯეტო სახსრების ათვისების საკითხითაც დაინტერესდა და მოუწოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგად გააცნობიერონ პასუხისმგებლობის საკითხი და მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ მჭიდრო, გამჭირვალე და საქმიანი თანამშრომლობა შესთავაზა.

„ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ სამუშაოების მიმდინარეობა, დავადგინოთ ხარვეზები დროულად და სრულყოფილად აღმოვფხრათ ისინი. მოგიწოდებთ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ, გაუფრთხილდით იმ ნდობას, რომელიც მათ მოგანიჭათ. ყველა განხორციელებული პროექტი უნდა იყოს ხარისხიანი და არა უბრალოდ შესრულებული სამუშაო“.-აღნიშნა დეპუტატმა.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა და დეპუტატმა უშუალოდ წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია, სოფლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და მოუწოდა მათ „რისი გადაწყვეტაც ვერ მოხერხდება ადგილზე, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მომმართოთ და მე ჩავაყენებ შესაბამის სამსახურებს საქმის კურსში, რომ დროულად მოხდეს პრობლემების აღმოფხვრა. იმედი მაქვს, ჩვენს შეხვედრებს მოჰყვება კონკრეტული გადაწყვეტილებები და შეხვედრა არ იქნება უბრალოდ შეხვედრისთვის “.

დეპუტატი სოფელ გოგნში წმ.გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაფინანსების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა: „მივესალმები და მომხრე ვარ ტაძრების მშენებლობის. მოვიზიდავთ თანხებს, რომელიც ტაძრის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, მაგრამ არ შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში, კონტროლისა და შემოწმების გარეშე გადაირიცხოს ასიათასობით თანხა რომელიმე ფონდის ანგარიშზე და არ მოხდეს ამ თანხების რაციონალურად გამოყენება“.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის წევრმა პაატა მხეიძემაც მიმართა და განაცხადა: „ელგუჯა გოცირიძეს აქვს ხალხისა და ხელისუფლების ნდობის მაღალი მანდატი და ის გთავაზობთ გამოიყენოთ მისი შესაძლებლობები მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. თქვენ, ჩვენს მოსახლეობასა და ჩვენს თერჯოლას ეს ყველაფერი შეეწევა კეთილად“.ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.