დიდი სიმამაცეა, როცა ხარ სამთო ოსტატი, ჩადიხარ მიწის რამოდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე და თან ამავდროულად ხარ ქალი. პროფესიით სამთო ინჟინერმა ნანული აბულაძემ თავისი შახტაზე მუშაობის 37 წლიანი პერიოდის გარკვეული ნაწილი ქალისათვის საშიშ პოზიციაზე იმუშავა, თუმცა ყველაზე დიდი დრო მან შახტის ნახაზების შექმნაში გაატარა.

სწორედ მარქშეიდერების და მხაზველების შრომის შემდეგ ხდება შახტის იმ უბნის გეგმისა და ნახაზების გაკეთება, საიდანაც შემდეგ მეშახტეები ქვანახშირს მოიპოვებენ. აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ნანულის მეუღლე, დავით (მირიან) ჩხაიძეც 1985 წლიდან შახტაზე სამარქშეიდერო საქმეს ემსახურება და ამჟამად სამარქშეიდერო-გეოლოგიური განყოფილების უფროსია:

-ქალბატონო ნანული, რამდენი წელია, რაც შახტაზე მუშაობთ, რომელ პოზიციებზე იყავით დასაქმებული ამ ხნის მანძილზე?
-შახტაზე 1980 წლიდან ვმუშაობ, თავდაპირველად სამთო მუშად დავიწყე მუშაობა ზედაპირულ კომპლექსზე, ამის შემდეგ სატაბელოში გადამიყვანეს, ხოლო ცოტა ხანში კი სამარქშეიდერო განყოფილებაში დავიწყე მუშაობა, თუმცა მერე ვენტილაციისა და უსაფრთხოების უბანში გადავედი სამთო ოსტატად. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ახალი ბრძანებით, მიწის სიღრმეზე ქალების ყოველდღიური ჩასვლა აიკრძალა და კვლავ სამარქშეიდერო-გეოლოგიურ განყოფილებას დავუბრუნდი. ამის შემდეგ ვიმუშავე კადრების განყოფილლების გამგედაც, ეკონომიკურ სამსახურში ვიყავი ინჟინერ-ეკონომისტი, რეორგანიზაციის შედეგად ისევ სამარქშეიდერო-გეოლოგიურ განყოფილებაში დავიწყე მუშაობა მხაზველ-კარტოგრაფად, სადაც დღემდე ვარ.
-პროფესიით ვინ ხართ და რატომ გადაწყვიტეთ მუშაობის აქ დაწყება?
-განათლებით სამთო ინჟინერი ვარ, სპეციალობით – მიწისქვეშა ნააგებობებისა და შახტების მშენებელი. ჩემი პროფესიის არჩევისას მამის ფაქტორმაც დიდი როლი ითამაშა. მამაჩემიც სამთოელი იყო, წლების მანძილზე უბნის უფროსად მუშაობდა შახტაზე. ჩემი არჩევანი გარკვეულწილად მამის სურვილიც იყო. თუმცა მეც მაინტერესებდა, იმის მიუხედავად, რომ კარგად ვიცოდიმამასროგორი რთული რეჟიმიც ჰქონდა. ჩემს პროფესიულ არჩევანს დედა უფრო განიცდიდა.
-რა სამუშაოს შესრულება გიწევთ და რომ არა თქვენი საქმიანობა, რის გაკეთებას ვერ შეძლებდნენ მეშახტეები?
-სამთო მრეწველობისთვის ნახაზებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ნახაზებს ჩვენი განყოფილება ქმნის, როგორც მიმდინარე, ასევე პერსპექტიული სამთო სამუშაოების გეგმები და პლანშეტები ჩვენთან იხაზება. მას შემდეგ, რაც მარქშეიდერები და გეოლოგები შახტიდან მიწის ზედაპირზე პირველად მონაცემებს ამოიტანენ და დაიტანენ თავიანთ სამუშაო გეგმებზე, ამის შედეგ ხდება მისი სამთო სამუშაოების გეგმებზე და პლანშეტებზე გადატანა, რომელსაც მას მე როგორც ხელით ასევე სპეციალური კოპიუტერული პროგრამით ვასრულებ.
-ამდენი წელია შახტას ემსახურებით, იმუშავეთ სხვადასხვა პოზიციებზე… რამდენად გიყვართ თქვენი საქმიანობა და სამუშაო პოზოციებიდან თუ გამოარჩევდით რომელიმეს?
-ყველა ჩემი საქმე მიყვარდა, ვერც გამოვარჩევ, რადგან ჩემს პროფესიასთან იყო დაკავშირებული. სამთო ინჟინერი ვარ და ვაკეთებ სამთო საქმეს. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და სამუშაო, სკოლიდანვე ვიყავი დაინტრესებული ტექნიკური საგნებით – ფიზიკა-მათემატიკით, ხაზვით.
-სამთო ოსტატად იმუშავეთ და ყოველდღიურად მიწის ქვეშ გიწევდათ რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე ყოფნა…როგორც ქალისთვის, ეს თქვენთვის რთული არ იყო? შიში არ გიპყრობდათ?
-არ გამჭირვებია, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თეორიულად ვიცოდი იქ რაც ხდებოდა. მართალია, პრაქტიკა სულ სხვაა, მაგრამ შიშის გრძნობა მაინც არ მქონია. პირველად დიდი ინტერესით ჩავედი, ჩემი სამუშაო პოზიციიდან გამომდინარე შევდიოდი ყველა უბანზე. ცვლის განმავლობაში ხშირად სამჯერ მიწევდა ერთ უბანზე მისვლა. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და საფრთხე არ მაშინებდა. ერთადერთხელ დამეუფლა შიშის გრძნობა, როცა ერთ-ერთი სამთო ოსტატი მეოთხე ცვლაში დაიღუპა, მე კი მას შემდეგ როცა მიწევდა იმ ადგილზე ჩასვლა, იმ მარშრუტის გავლისას არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლებოდა. ახლა მხოლოდ მეუღლის მიწისქვეშ ჩასვლისას ვნერვიულობ, სანამ ამოვა, ვერ ვისვენებ.
-თქვენ და თქვენი მეუღლე ფაქტიურად მთელი დღე ერთად მუშაობთ, ის თქვენი უფროსია…გაქვთ იმის შეგრძნება, რომ თქვენს ოჯახს ქვეყნის და ქალაქის მრეწველობისა და ეკონომიკის განვითარებაში გარკვეული წვლილი შეაქვს?
-ჩვენს წარმოებას თავისთავად ჭირდება ჩვენი სპეციალობა, ვფიქრობ, ვაკეთებთ სასარგებლო საქმეს. ხშირია შემთხვევები, როცა სამუშაო საათების განმავლობაში ჩვენი საქმე სამსახურში ვერ დაგვისრულებია და მერე სახლში გაგვიგრძელებია მუშაობა.
-რას ნიშნავს თქვენთვის ეს სამსახური?
-ყველაფერს… ერთი დღეც არ შემიძლია ამ სამსახურის და კოლექტივის გარეშე. ამ სამსახურის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერც წარმომიდგენია…დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს წარმოებას ძალიან კარგი მომავალი აქვს, რის საფუძველსაც „საქნახშირში“ ბოლო დროს მიმდინარე მასშტაბური და სასიკეთო ძვრები იძლევა, ამიტომ ხვალინდელ დღეს იმედიანად ვუყურებთ ნამდვილად.

თეონა ჯანელიძე

გაზეთი „მეშახტის მაცნე“