ქასრაშვილების ოჯახი ერთ-ერთია ტყიბულში მცხოვრებ ოჯახთა შორის, რომელთა შემოსავლის წყაროც შახტაა. მათი რამდენიმე თაობა უკვე წლებია დიდი შემართებითა და საქმისადმი ერთგულებით ემსახურებიან მეშახტის პროფესიას.

მათ საკუთარი თავდაუზოგავი შორმით ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაშიც გარკვეული წვლილი შეაქვთ:

 

-ბატონო დავით, თქვენი ოჯახის რამდენი წევრია შახტაში დასაქმებული და რა პოზიციები უჭირავთ მათ?

-ოჯახიდან ჩემი ჩათვლით „საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფში“ სამნი ვმუშაობთ, მე პირადად ამჟამად აღდგენითი სარემონტო სამუშოების უბნის უფროსი ვარ, თუმცა შახტაში 1984 წლიდან ვმუშაობ სხვადასხვა პოზიციებზე. რაც შეეხებათ ჩემს შვილებს, ლევანი მზადების უბნის უფროსის თანაშემწეა, ხოლო მეორე ვაჟი – ლაშა 6 წელია უკვე ისიც შახტაზე მუშაობს და ამ დროისთვის ტრანსპორტის უბნის ელ-მემანქანეა. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ მამაჩემმაც, ლეო ქასარაშვილმა სიცოცხლის ბოლომდე ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაზე იმუშავა.

-აღნიშნეთ, რომ მამათქვენიც მეშახტე იყო… აქედან გამომდინარე იცოდით, რომ მეშახტის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი და განსაკუთრებით საპასუხიმგებლო არჩევანია. რამ გადაგაწყვეტათ, რომ მეშახტე გამხდარიყავით?

-ტყიბულელისთვის მეშახტის პროფესია პერსპექტიული იყო იმ დროსაც და მე ვფიქრობ, ახლაც ასეა. ამიტომ პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე სამთო ინჟინერის განხრით და განაწილებით, თავისთავად ტყიბულის შახტაში გამომიშვეს სამუშაოდ. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ მხოლოდ სამი წელი ვიმუშავებდი, დღემდე იქ ვარ. მიჩვევა იცის ძალიან.

-რამდენი წლის იყავით, როცა პირველად ჩახვედით შახტში? მძიმე სამუშაოს გამო, ერთხელ მაინც, არასდროს გიფიქრიათ თქვენი საქმიანობისთვის თავის დანებება?

-24 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შახტაზე დავიწყე მუშაობა და ამ წლების მანძილზე ერთხელაც არ მიფიქრია ჩემი საქმე მიმეტოვებინა. როცა 6 წელი შახტა უფუნქციოდ იყო, იძულებით სოფელში მომიწია გადასვლა და სოფლის მეურნეობას ვეწეოდი, მთელი ეს პერიოდი უფრო რთული აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან შახტა ჩემთვის არამხოლოდ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ჩემთვის, არამედ ადგილს, სადაც პროფესიულად გავიზარდე.

-როგორ შეხვდით იმ ფაქტს, რომ თქვენმა შვილებმაც თქვენივე პროფესიით არჩიეს სწავლა და შემდგომ შახტაზე გადაწყვიტეს მუშობის დაწყება?

-მე ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცნენ. საფრთხეს თუ გლისხმობთ, თუ ბედისწერაა და ფრთხილად არ იქნები, შესაძლოა, მიწის ზემოთაც დაგემართოს რამე. ტყიბულელი ახალგაზრდისთვის სამთოელობა პირიქით საამაყოა. მიხარია, რომ თვითონ არც ეშინიათ და არც თაკილობენ საკუთარ არჩევანს.

 

ლევანი ქასრაშვილი (დავით ქასრაშვილის ვაჟი):

 

-რა სირთულეებთან არის დაკავშირებული შენი სამუშაო? რთულია შენთვის ის სამუშაო, რასაც ასრულებ?

-რთულიცაა და საპასუხისმგებლოც ამავდროულად. ჩვენ ვემსახურებით შახტის მომზადებას, ქვაში გაგვყავს გვირაბები, რის შემდეგაც უნდა მომზადდეს ნახშირმომპოვებელი უბანი და მოხდეს ნედლეულის გამოტანა. ჩვენ ერთ-ერთი შემადგენელი და ძირითადი რგოლი ვართ იმისთვის, რომ შახტამ წარმატებულად იმუშაოს ნახშირის მოპოვების მხრივ. სირთულე და რისკი კი ყველა მიწის ქვეშ მომუშავესთვის ერთაირად საფრთხის შემცველია, მე პირადად 300-350 მეტრის სიღრმეზე მუშაობა ყოველდღიურად ცვლებში მიწევს.

-როგორც ვიცი, შენ თბილისში მუშაობდი გარკვეული პერიოდი და სულ სხვა საქმიანობით იყავი დაკავებული. ბევრმა შენმა თანატოლმა ტყიბული დატოვა და სამუშაოდ სხვაგან წავიდნენ, შენ რატომ დაბრუნდი აქ?

-23 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი. იმ დროს შარდენზე ერთ-ერთ ბარში ბარმენად ვმუშაობდი. როდესაც უკვე შვილი შეგვეძინა, მატერიალურად თბილისში ცხოვრება ვეღარ შევძელით და ამიტომ ტყიბულში გადმოსვლა გადავწყვიტეთ. მით უფრო, რომ უკვე ჩემი პროფესიით შემეძლო აქ სამსახური დამეწყო და თან უკეთესი ანაზღაურებაც მქონოდა.

-შენი პროფესიული არჩევანი ოჯახურმა „ტრადიციამ“ ხომ არ განაპირობა?

-ძირითადი ფაქტორი ეგეც იყო, მეშახტეების ოჯახში ვიზრდებოდი და დაინტერესებაც შესაძლოა ამან გამოიწვია.

-შემთხვევა, რომელმაც შახტაში მუშაობისას ყველაზე მეტად იმოქმედა შენზე და დაგამახსოვრდა…

-ყველაზე მძიმედ განვიცდი, როცა შახტაში რამე ხდება, ჩვენი სამსახური ასეთი რისკიანია. დღემდე რთულია იმ ყველაფრის გახსენება, რაც იქ მოხდა. თუმცა ამ შემთხვევის მიუხედავად, ჩემი სამსახურის მიტოვება არ მიფიქრია, რადგან რისკის ფაქტორი და შიშის გრძნობა ჩემი საქმის მიმართ არ მაქვს, გათვითცნობიერებული მაქვს რომ თუ სწორად გააკეთებ ყველაფერს, არაფერი მოგივა.

-შახტში მუშაობის მოტივაციას რა გაძლევს?

-ჩემი ოჯახი და ჩემი შვილების კეთილდღეობა…ძირითადი მოტივაცია ესაა!

თეონა ჯანელიძე

გაზეთი „მეშახტის მაცნე“