ტყიბულის შახტაში მიმდინარე წლის იანვარში კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“ შრომითი უსაფრთხოების მიზნით მაშტაბური სარემონტო სამუშაოები განახორციელა.

სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვალა ზედაპირული კომპლექსის ვაგონ-გადამყირავებელი დანადგარი. +275 ჰ-ზე მაღაროს ეზოში დამონტაჟდა ახალი ვაგონგდამყირავებელი დანადგარი, (ფუნდამენტის გამაგრებით და ბეტონის ჩასხმით) რითაც აღნიშნულ ჰორიზონტებიდან მოხდა თვითმცლელი ვაგონების შეცვლა ჩვეულებრივი ვაგონებით, რაც საშუალებას იძლევა სალიანდაგო მეურნეობის სუფთად და გამართულ მდგომარეობაში შენახვისა, ცენტრალური კვრეშლაგის სამთო მასისგან გასუფთავებას.

ტვირთების შტოლნაში მოხდა ძველი რკინიგზის 800 გრძივი მეტრის დემონტაჟი და დაიგო 800 გრძივი მეტრი ახალი რკინიგზა. N5 შუროში დამონტაჟდა 80,0 გრძივი მეტრი ნახშირსაყრელი, მოხდა ძველი 700 მმ მილის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი. გარემონტდა N17 ველში 15 გრძივი მეტრი ჯგუფური შურო – 245 -200 ჰორიზონტებს შორის; -300 ჰ-ზე გადამაგრდა 12 გრძივი მეტრი საველე შტრეკი და სხვა.

2017 წლის იანვრის თვეში ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა, მისმა მოცულობამ და სირთულემ გამოიწვია საექსპლუატაციო სამუშაოების შეჩერება ყველა ნახშირმომპოვებელ უბანზე, ვინაიდან სარემონტო სამუშაოები არ იყო თავსებადი ნახშირის მოპოვებასთან.

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, მეშახტეთა გარკვეული ნაწილი (წყალქცევის, ვენტილაციის, სარემონტო-აღდგენითი, საშახტო ტრანსპორტი, ლამის დამზადების და მიწოდების, სპეც უბანი, ამწე მანქანის უბნები და სხვა) უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას.

გარკვეულ ნაწილს მიეცათ ფასიანი შვებულება 15 კალენდარული დღის ოდენობით და 15 კალენდარული დღის ოდენობით უფასო შვებულება. აღსანიშნავია რომ იანვრის თვის გეგმა გადანაწილდა მთლიანად 2017 წლის ყველა თვეზე, ამიტომ მთლიანობაში ფინანსურად არავინ დაზარალდება თუ წლის ჭრილში განვიხილავთ.

შახტაში აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მომავალში უზრუნველყოფს მოცდენების შემცირებას ტრანსპორტის უბანზე, რაც მეშახტეთა უსაფრთხოების გარანტიაა და აამაღლებს შრომის ნაყოფიერებას. სარემონტო სამუშაოები შახტაში ყოველგვარი ტრამვების გარეშე ჩატარდა.
გიორგი სულაძე
გაზეთი “მეშახტის მაცნე“