იმერეთის გუბერნიაში, კურორტ საწირის განვითარების გეგმაზე იმსჯელეს.ინფორმაციას ამის შესახებ იმერეთის მხარის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და “საწირის განვითარების ფონდი“ – ს ორგანიზებით, პროექტ “საწირე–მომავლის სოფელი” – ს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაში ასევე, ჩართულები იყვნენ: სამთავრობო სტრუქტურების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები.

საწირის განვითარების სტრატეგია კომპლექსურ განვითარებას გულისხმობს. ის მოიცავს ერთის მხრივ, ქალაქური ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობას, ხოლო მეორეს მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას სახელმწიფო, ბიზნესმენები და სხვადასხვა ფონდები უზრუნველყოფენ. პროექტი 2020 წლისთვის დასრულდება. სტრატეგიის მიზანი სოფელში მცხოვრები
ახალგაზრდებისთვის ცხოვრებისა და მუშაობის პირობების შექმნა და მიგრაციული პროცესების შეჩერებაა.