გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს და ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული მერი ეყოლება

გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს. აღნიშნული თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიით იქნება გათვალისწინებული, რომელზეც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო მუშაობს.

როგორც მინისტრი ზურა ალავიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია წლის ბოლომდე შემუშავდება.

”დღეს მერისა და გამგებლის ფუნქციებში არანაირი სხვაობა არ არის. ამიტომ უმჯობესი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმძღვანელს ერთი სახელი ერქვას – მერი, რაც ევროპული და ყველგან მიღებული ტერმინია. მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად აღარ მიიღებს. ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს. გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი დარგობრივი რგოლი. ამასთან, კოლეგიური ორგანოს მსჯელობა იქნება ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამით გაიზრდება პროცესის გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობის ხარისხი”, – განაცხადა ალავიძემ.

ალავიძის განცხადებით, საკრებულოებს დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ.

”მაგალითად, მერი საკრებულოს წარუდგენს თავისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დანიშნავს მათ. საკრებულოების მეშვეობით მოქალაქეებს ექნებათ მეტი საშუალება, გავლენა მოახდინონ მერიის მუშაობაზე. ყველა დასახლებაში შეიქმნება ტერიტორიული ორგანოები და ამ სათათბირო საბჭოებს, გამგებლის უფუნქციო წარმომადგენლის ნაცვლად, ეყოლება ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის მიერ შერჩეული 10-15-წევრიანი სათათბიროს გადაწყვეტილებების მიტანას მერიამდე. მასვე დაეკისრება ამ გადაწყვეტილებების ადგილზე აღსრულების მონიტორინგის ფუნქცია. საბჭო იმსჯელებს გზებზე, წყალმომარაგებაზე, გამწვანებაზე, ქალაქებში კორპუსების კეთილმოწყობაზე და ა.შ. გარანტიებს კი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა, ქმნის კონსტიტუციის პროექტის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილების გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდირების პრინციპს და რაც მთავარია, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობა ორგანული კანონით დადგენილ უფლებამოსილებებთან. კონსტიტუციის პროექტში გაწერილია, რომ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება, ფინანსები და ის დამოუკიდებლად ადგენს თავის ორგანიზაციულ მოწყობას და იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს”, – აღნიშნა ალავიძემ.

მისივე თქმით, არჩევითობის წესი უცვლელია – ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული ხელმძღვანელი ეყოლება.

”რაც შეეხება მოქალაქეთა ჩართულობას, ცვლილებათა პაკეტი მეტ საშუალებას აძლევს მათ, საკუთარი სოფლის (ქალაქის შემთხვევაში, უბნის) საკითხების მოგვარებაში მონაწილეობა მიიღონ… არ შემცირდება არც ერთი შერწყმული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მენეჯმენტის ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება ააიპ-ების მექანიზმიც. ეს გულისხმობს ერთ სფეროში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას, რაც გაბერილი შტატების შემცირებას და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს”, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, არავინ დავობს, რომ 2014 წელს დაწყებული რეფორმა იყო წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც შექმნა ძლიერი ფუნდამენტი თვითმმართველობის განვითარებისათვის, თუმცა, სამწლიანმა პრაქტიკამ გამოკვეთა სისტემის დახვეწის აუცილებლობა – დეცენტრალიზაცია რჩება მთავრობის პრიორიტეტად დემოკრატიული განვითარებისა და ევროპასთან დაახლოების გზაზე.

ალავიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი ერთეული, შერწყმულ მუნიციპალიტეტს კი ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება.

„ინტერპრესნიუსი“ www.interpressnews.ge