მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას მეშახტეებისთვის განსაკუთრებული საშეღავათო სისტემის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

გიორგი მარგველაშვილი დღეს კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში, პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საუბრის ძირითადი თემა შრომითი უფლებები იყო.

აღნიშნულ შეხვედრაზე თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, რომ მეშახტისა და მაღაროელის პროფესია განსაკუთრებული სპეციფიკისა და მრავალი საფრთხისა და რისკის შემცველია. მისივე თქმით, ტყიბულელი მეშახტეებისა და ჭიათურელი მაღაროელების ხელფასის დათვლა მოპოვებული ნახშირისა და მარგანეცის რაოდენობისა და ფასის მიხედვით ხდება. მანვე პრეზიდენტს პროფკავშირების ინიციატივა გააცნო.

”ბუღალტრული გათვლებით, მეშახტის და მაღაროელის შრომას ვერანაირად ვერ შეაფასებ. მათი შრომის ფასი მხოლოდ მათმა ოჯახის წევრებმა იციან. ვერასოდეს ქვანახშირის ფასი ვერ იქნება იმდენი, რამდენიც დააბალანსებს მეშახტის მიერ შესრულებულ შრომას და აანაზღაურებს. ვფიქრობთ, მათთვის უნდა შეიქმნას განსაკუთრებული საშეღავათო სისტემა. ვგულისიხმობ, საშემოსავლოსგან გათავისუფლებას, საპენსიო ასაკის დაწევას, რეგრესის პენსიის შემოღებას. ჩვენ მიგვაჩნია, თქვენი მხარდჭერის შემთხვევაში ერთობლივად შევძლებდით მათთვის ძალიან სასარგებლო საქმის გაკეთებას”, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელს გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა. ”მოდით, ამ თემას შევხედოთ სისტემურად და არა მარტო მაღაროელების პრობლემიდან გამომდინარე, არამედ ზოგადად შევხედოთ ამ საკითხს ქვეყნის დასაქმების პრობლემატიკიდან გამომდინარე. ჩვენ თუ ცალკე გამოვყოფთ რომელიღაცა დარგს, ალბათ გასაგებია, რომ სხვა დარგებშიც რომლებიც ძალიან მძიმეა და ჯანმრთელობისთვისაც პრობლემატურია, გაჩნდება ანალოგიური ტენდენცია, სადაც ჩვენ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ჯანდაცვის პრობლემატიკა ცალკე უნდა დარეგულირდეს. რაც შეეხება ანაზღაურების თემას, გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებით, ბევრად უფრო ადეკვატური იქნება იმაზე ფიქრი და მუშაობა, რომ პროფკავშირები, კანონით იყვნენ უფლებამისილნი დამსაქმებელთან საბოლოო მოლაპარაკება აწარმოონ.

“ინტერპრესნიუსი“ www.interpressnews.ge