ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში PIN“-ის პროექტის

„სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში, მიმდინარე, 2017 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF)“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის მიზანია მუნიციპალიტეტის სოციალური ბიუჯეტის ეფექტური დაგეგმარება და სერვისების ეფექტურობის გაუმჯობესება. მონიტორინგის პროცესის წარმართვისათვის PIN-ისა და TDDF-ის წარმომადგენლებისა და ექსპერტების ჩართულობით ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის ბოლომდეა გათვლილი.

მონიტორინგის პროცესი უკვე დაწყებულია და დღემდე გარკვეული სამუშაოები შესრულდა: შესწავლილი იქნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლისა და 2017 წლის პირველ კვარტალში მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით წარმოებული საქმიანობა და გამოიკვეთა მთელი რიგი დადებითი მომენტები და ხარვეზები. აღნიშნულთან დაკავშირებით ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა მოამზადეს ანგარიში, რომელიც წარდგენილი იქნა PIN-ის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული მრჩეველთა საბჭოსათვის. დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე TDDF-ის წარმომადგენლებმა ასევე მოამზადეს რეკომენდაციები სოციალური დახმარების გაცემის წესთან დაკავშირებით, რომელსაც წარუდგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურს, შემდგომში მისი გათვალისწინებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით.

მნიშვნელოვანია, რომ მრჩეველთა საბჭოს ფორმატში გაიმართა დისკუსია, რომელზეც თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, სოციალური მომსახურებით დაკავებული ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლების მიერ სრულად იქნა გაზიარებული ინფორმაცია ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის ხარვეზების შესახებ და დაისახა ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტში PIN-ისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი დაფინანსებით 4 სოციალური პროექტის განხორციელება დაიწყო. ისინი მიმართულია ხანდაზმულთა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებისა და ახალგაზრდების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე და მათი განხორციელების შედეგად ამ მოწყვლადი ჯგუფებისათვის ახალი სერვისების დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოფას.