ცხრაჯვარის სალოცავზე „ცხრაჯვარობა“ იზეიმეს.

აქ მომლოცველები მოვიდნენ როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მორწმუნეებმა წმინდა სალოცავზე ილოცეს, უფალს შემწეობა სთხოვეს და შესაწირი შესწირეს.

“წმინდა ცხრაჯავარის მადლი შეგვეწიოს”, ამ სიტყვებს ხშირად ჩვენი მხარის მცხოვრებთა სუფრაზე – ოკრიბაში თუ გაიგონებთ, ოკრიბელები ხომ ტყიბულის სადღეგრძელოს ცხრაჯვარის სალოცავის “თამადობით” ამბობენ.

ყველაზე გავრცელებული გადმოცემის თანახმად მრავალი წლის წინათ სოფელ ძიროვანში მამულიშვილები სრულწლოვან ასაკს ვერ აღწევდნენ, ისინი სხვადასხვა ავადმყოფობებითა და უბედური შემთხვევებით იღუპებოდნენ, სოფლის მოსახლეობამ კი გამოსავალი ღმერთის რწმენაში დაინახა და სოფლის ყველაზე მაღალ ადგილზე, ცხრაჯვარის მთაზე სალოცავი ააშენა. სალოცავის მშენებლობას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირვებია, თუმცა, როგორც ჩანს, რწმენით შეუძლებლის გაკეთებაც კი ყოფილა შესაძლებელი. მას მერე, რაც სალოცავი აშენდა და სოფლის მოსახლეობამ მასში ლოცვა დაიწყო, ძიროვანს მამულიშვილი გაუმრავლდა.

ყოველი წლის მაისის ბოლო შვიდეულს ძველი სტილით შაბათ დღეს ძიროვნელებთან ერთად დანარჩენი ოკრიბელებიც აღნიშნავენ „ცხრაჯვარობას“. უკვე წლებია ამ დღესასწაულზე მრავალი მორწმუნე მიდის სალოცავზე და წყალობას შესთხოვს. სანთლებს ანთებენ და აღთქმის შესასრულებლად შესაწირსაც სწირავენ. ტრადიცია არც წელს დარღვეულა და 10 ივნისს ცხრაჯვარის სალოცავზე უამრავი მომლოცველი მივიდა.